მცხეთაში, ნავდარაანთკარის ნამოსახლარისა და სამაროვნის არქეოლოგიური სამუშაოები ჩატარდა

მცხეთის მუნიციპალიტეტში ნავდარაანთკარის ნამოსახლარისა და სამაროვნის არქეოლოგიური სამუშაოები ჩატარდა, რომელიც ააიპ „ბონიმ“ განახორციელა თამარ ბოკუჩავას ხელმძღვანელობით.
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მიმდინარე წელს არქეოლოგიური კვლევა-ძიება წარიმართა ოთხ უბანზე. შესწავლილი იქნა: I- სათავდაცვო კოშკი; II- მარანი; III- სამეურნეო ნაგებობა; IV- სამაროვნის ტერიტორია.
შედგა ტოპოგრაფიული რუკა, რომელზეც დატანილ იქნა როგორც საპროექტო ტერიტორიაზე მოქცეული, ასევე მის ფარგლებს გარეთ მდებარე ნაგებობები.
საპროექტო ტერიტორია მდებარეობს მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფ. ნავდარაანთკარის სამხრეთით, საგურამოს ქედის ჩრდილო-დასავლეთ კალთაზე, ადგილ დიდველზე . იგი წარმოადგენს ბუნებრივი ხევის დასავლეთით მდებარე ტაფობს, რომელზეც დაახლოებით 80 ჰექტარზე გაშლილია გვიანი შუა საუკუნეების ნამოსახლარი: სათავდაცვო კოშკი, ორი ეკლესია, სავარაუდო მარანი და სხვადასხვა დანიშნულების (საცხოვრებელი, სამეურნეო) ნაგებობები. ყველა მათგანი ნაგებია რიყის ქვით კირხსნარზე. სავარაუდოდ ნაგებობები ფეოდალის საცხოვრებელი კომპლექსის შემადგენელი ნაწილები უნდა იყოს.
აღნიშნული ნამოსახლარის სამხრეთ-აღმოსავლეთით, საცხოვრებელი და სამეურნეო დანიშნულების ნაგებობის აღმოსავლეთ კიდეზე, იქ სადაც ამჟამად 2008 წლის ომის დროს გაჭრილი სანგარია, გადარჩენითი არქეოლოგიური სამუშაოების შედეგად 2017 წელს შესწავლილ იქნა 6 ორმოსამარხის ნაშთი. ისინი ორ ქრონოლოგიურ პერიოდს განეკუთვნებოდა: ადრე რკინის ხანას და ელინისტურს. მათგან განსაკუთრებით საინტერესო იყო №1 ორმოსამარხის ნაშთი, რომელშიც აღაპის სახით მთლიანი ხარი დაეკრძალათ. სამარხში აღმოჩენილი ნივთების მიხედვით, ორმოსამარხი წარჩინებული პირის უნდა ყოფილიყო. როგორც ჩანს, სამარხების ნაწილი გაძარცვულია შემდგომ საუკუნეებში (მათ შორის გვიანშუა საუკუნეებშიც). აღნიშნული სამარხების ჩრდილოეთით, სავარაუდო მარნის მიმდებარედ გაიწმინდა კულტურული ფენა: თიხატკეპნილი იატაკის მონაკვეთი და ჩაუკირავი ქვევრი. სამარხებისა და კულტურული ფენის ნაწილი დაზიანებულია სანგრის გაჭრის დროს.
2018 წელს, აღნიშნული ნამოსახლარის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში შესწავლილი იქნა ორი ნაგებობა, რომლებიც განლაგებულნი არიან ფერდობზე, ხელოვნურად შექმნილ ტერასაზე, ერთმანეთის პარალელურად. ნაგებობები სწორკუთხა მოყვანილობისაა. ისინი ნაგებია რიყის ქვის ჰორიზონტალური და თევზიფხური წყობით კირხსნარზე. ნაგებობებში აღმოჩენილი არქეოლოგიური მასალის საფუძველზე ისინი XVII-XVIII სს. დათარიღდა.
აღნიშნული ნაგებობებიდან სამხრეთით აღმოჩნდა გვიანბრინჯაო-ადრერკინის ხანით დათარიღებული ხუთი ორმოსამარხის ნაშთი, სადაც მხოლოდ ადამიანის ძვლის ფრაგმენტები და კერამიკის უსახო ნატეხები დადასტურდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები