იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა 66-ე საზოგადოებრივი ცენტრი ამჯერად ქობულეთში გახსნა. იუსტიციის მინისტრმა ქობულეთის მცხოვრებთ და ქალაქის სტუმრებს ახალი ცენტრის გახსნა მიულოცა და აღნიშნა, რომ წელს საზოგადოებრივი ცენტრები ხულოსა და ქედაშიც გაიხსნება.
“ვფიქრობ, რომ არა მარტო ადგილობრივებისთვის, არამედ ტურისტებისთვისაც, რომლებიც ქობულეთს სტუმრობენ, ეს ერთ-ერთი თავშეყრის ადგილი იქნება. მშენებლობები გრძელდება, ჩვენ ქედასა და ხულოს მუნიციპალიტეტებში მსგავს ცენტრებს გავხსნით. რაც შეეხება ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტს, აუცილებლად მივაქცევთ ყურადღებას, იმისათვის, რომ აჭარაში ერთხელ და სამუდამოდ დასრულდეს საბჭოთა ინფრასტრუქტურა”,- განაცხადა თეა წულუკიანმა.
საზოგადოებრივი ცენტრი საჯარო და კერძო სექტორის წარმატებული თანამშრომლობის საუკეთესო მაგალითია. ცენტრში ხელმისაწვდომი იქნება „მაგთისა“ და „ლიბერთი ბანკის“ მომსახურებაც, რაც პენსიონერებს ქობულეთიდან გაუსვლელად − პენსიის მიღების, ახალგაზრდებს კი უკაბელო ინტერნეტით უფასოდ სარგებლობის საშუალებას მისცემს. ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად, სტუმრები ხელმისაწვდომი საბანკო მომსახურებით, მობილური ოპერატორის საშუალებით სამყაროსთან 24-საათიანი კავშირით, უკაბელო ინტერნეტითა და უფასო სკაიპის ოთახით ისარგებლებენ. ახალგახსნილ საზოგადოებრივ ცენტრში უახლესი ტექნიკით აღჭურვილი ბიბლიოთეკაა, სადაც ელექტრონულ წიგნებთან ერთად ბეჭდური გამოცემებიც იქნება დაცული.