„ფერი ტინტორეტოდან კანალეტომდე“ – ეროვნული გალერეა ტრიესტის ძველი ხელოვნების ეროვნული გალერეის საგანძურს უმასპინძლებს
27 სექტემბრიდან 20 ნოემბრამდე, საქართველოს ეროვნული გალერეა მასპინძლობს გამოფენას – „ფერი ტინტორეტოდან კანალეტომდე“.
თბილისში იტალიის საელჩოს ინფორმაციით, ტრიესტის ძველი ხელოვნების გალერეაში დაცული ტინტორეტოს, გუერჩინოს, ბერნარდო სტროცის, ანტონიო კანალეტოს, ჯოვან ლორენცო ბერნინისა და სხვა იტალიელი ფერმწერების ნამუშევრები უკვე თბილისშია.
„მნახველს ელის ექსკურსი დროში, სივრცესა და სახვითი ხელოვნების სხვადასხვა სტილში. ეს მიმზიდველი ექსპოზიცია მოიცავს იტალიური მხატვრობის სამ საუკუნეს, გვიანდელი რენესანსიდან მე-18 საუკუნის დასასრულამდე“, – განმარტავს იტალიის ელჩი ანტონიო ბარტოლი.
საქართველოს ეროვნულ გალერეაში წარმოდგენილ გამოფენაზე თავმოყრილია ტინტორეტოს, გუერჩინოს, ბერნარდო სტროცის, ანტონიო კანალეტოს, ჯოვან ლორენცო ბერნინისა და სხვა ფერმწერების 55 სურათი. მნახველს შესაძლებლობა აქვს, გაეცნოს იმ ეპოქის ჩრდილოეთ იტალიაში არსებულ ფერწერის ძირითად სკოლებს, ბოლონიიდან (ჯუზეპე მარია კრესპი) გენუამდე (ჯოვანი ბატისტა პაჯი, ჯოაკინო ასერეტო, ჯოვანი ფრანჩესკო კასტილიონე), ლომბარდიიდან (პიერ ფრანჩესკო მაცუკელი და პიერ ფრანჩესკო ჩიტადინი) ვენეტომდე (ბონიფაჩო დე’ პიტატი, კარლო კალიარი, ფრანჩესკო მაფეი, ნიკოლა გრასი).
ექსპოზიცია დამთვალიერებელს სთავაზობს იმდროინდელი მხატვრობის სტილებისა და ჟანრების (პორტრეტის, პეიზაჟისა და ნატურმორტის) ვრცელ პანორამას. ისტორიული, ალეგორიულ-რელიგიური და მითოლოგიური თემატიკის ფერწერის გარდა, აქ წარმოდგენილია ყოფის ამსახველი სცენები და ასევე, ანტონიო კანალეტოს ვენეციის ხედების ოთხი ესკიზი.
ექსპოზიცია „ფერი ტინტორეტოდან კანალეტომდე“ პროგრამა „Vivere ALL’italiana“-ს ნაწილს შეადგენს, რომლის ფარგლებშიც ჩატარებული გამოფენები საქართველოში 150.000-ზე მეტმა დამთვალიერებელმა მოინახულა.
გამოფენა ორი ქვეყნის ისტიტუციებს შორის მჭიდრო თანამშრომლობის შედეგია. იტალიური მხრიდან ეს ინსტიტუციებია: საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის სამინისტრო და იტალიის საელჩო თბილისში, ქართული მხრიდან კი – განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო და საქართველოს ეროვნული მუზეუმი. ამ გამოფენის ჩატარება საქართველოში ხორციელდება იტალიურ კომპანია Glocal Project Consulting-თან ერთად.