„სოლიდარობის ქსელი“ შრომის კოდექსში დაგეგმილ ცვლილებებზე: დასაქმებულების მდგომარეობა შეიძლება უარესობისკენ შეიცვალოს, აუცილებელია მინიმალური ხელფასის დადგენა
შრომის კოდექსში დაგეგმილი იმ ცვლილებებით, რაც ამ ეტაპზე გაჟღერდა, შეიძლება დასაქმებულების მდგომარეობა უარესობისკენ შეიცვალოს, – ამის შესახებ შრომითი უფლებების დამცველ „სოლიდარობის ქსელში“ აცხადებენ.
როგორც „სოლიდარობის ქსელის“ წარმომადგენლებმა სოფო ჯაფარიძემ და დავით ომსარაშვილმა მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადეს, აუცილებელია, დადგინდეს მინიმალური ანაზღაურება.
„ძალიან ძნელია ვისაუბროთ იმ კანონპროექტზე, რომელიც ნანახი არ გვაქვს, შესაბამისად არ მივესალმებით ამ პროცესს, რომელიც მიმდინარეობს. უბრალოდ ჭორის დონეზე საუბარია. არ ვიცით, რა წერია ამ კანონპროექტში, თუმცა შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ ცვლილებებმა, როგორც გაჟღერდა, თუ მართლაც ასე შევა ძალაში, შეიძლება უარესობისკენ შეცვალოს დასაქმებულების მდგომარეობა, იქიდან გამომდინარე, რომ დღეს, სამწუხაროდ, არ არის დადგენილი მინიმალური ანაზღაურება. დღეს დასაქმებულები მუშაობენ ძალიან მწირი ანაზღაურების საფუძველზე, შესაბამისად, მათ უწევთ, ეძებონ ახალი სამუშაოები და იმუშაონ რამდენიმე ადგილას ერთდროულად. თუ ავუკრძალავთ რამდენიმე სამსახურში დასაქმებას , ეს გამოიწვევს იმას, რომ, ფაქტობრივად, შევუწყვეტთ არსებობის წყაროს. იქიდან გამომდინარე, რომ ძალიან ბევრი ადამიანი დღეს მუშაობს 300 ლარზე ნაკლები ანაზღაურებით და დამეთანხმებით, რომ თუნდაც 300 ლარი ნამდვილად არ არის საკმარისი იმისთვის, რომ ადამიანმა ღირსეულად იცხოვროს.
ჩვენი პოზიცია არის შემდეგი: ეს პრობლემები, რომლებიც დგას დასაქმებულების წინაშე, უნდა გადაწყდეს ჯაჭვური პრინციპით. არ შეიძლება პრობლემების გადაჭრა დავიწყოთ ბოლოდან. რა უფლებებიც აქვთ დასაქმებულებს შრომის კოდექსით, ჯერ მისი ამოქმედება უნდა დაიწყოს. სხვა შემთხვევაში ყველა ცვლილება დასაქმებულებისთვის იქნება მოტყუება. შეიქმნა შრომის ინსპექცია, მაგრამ ის არ არის ქმედითი , არ ამოწმებს შრომით უფლებებს, შესაბამისად, თუ შრომითი უფლებები, იგივე სამუშაო დრო ინსპექციის მიერ არ იქნება შემოწმებული, ცალსახად იმაზე საუბარი, რამდენ ხანს იმუშავებს დასაქმებული, არის აზრს მოკლებული.
ჩვენმა გაერთიანებამ დეპუტატ ბექა ნაცვლიშვილთან ერთად პარლამენტში შევიტანეთ კანონპროექტი, რომელიც ეხება ზეგანაკვეთურ ანაზღაურებას, სამუშაო დროის მოწესრიგებას, დასვენების დღის გამოყოფას“- განაცხადა დავით ომსარაშვილმა.
როგორც „სოლიდარობის ქსელის“ წევრები აცხადებენ, ისინი უახლოეს მომავალში პარლამენტს მინიმალური ხელფასის შესახებ კანონპროექტს წარუდგენენ.
„მინიმალური ხელფასი რომ იყოს დაწესებული და მერე იყოს შეზღუდვა, რომ მეორე სამსახურში არ იმუშაოს ადამიანმა, ეს უფრო მისაღები იქნებოდა ჩვენთვის. ისეთი რთული პირობები და ხელფასებია, რომ ხალხს უწევს არა მხოლოდ ერთ სამსახურში, ორში და ხანდახან 3 -ში მუშაობა. ექთნების მაგალითი რომ ავიღოთ, უკვე დეფიციტია, მუშაობენ 2-3 სამსახურში, ერთი ექთანი ორ სამსახურში ასრულებს საქმეს, 300-დან 500 ლარამდეა ხელფასი, მინიმუმ 50 საათს მუშაობენ თითო სამსახურში. აგიხსნით ჩვენი კანონპროექტის პაკეტი როგორ დაეხმარება ექთანს: ავიღოთ ექთანი ნინო, რომელსაც 2 სამსახური აქვს, სამსახურში ეშინია, ნახა, რომ ვინც ხმა ამოიღო, ან გააგდეს, ან უარესი გრაფიკი მისცეს, ან ხელფასი დაუკლეს და ხმას ვერ იღებს. ამ ადამიანს თუ მინიმალური ხელფასი ექნება, დავუშვათ 400 ლარი, მიბმული 40 საათზე, არა – 48-ზე ან 60-ზე , მერე ზეგანაკვეთური შრომა აუნაზღაურდება. 40 საათზე მეტს რასაც იმუშავებს, მიიღებს ანაზღაურებას 50%-ით გაზრდილი ტარიფით. ეს რომ დაწესდეს მას შეეძლება მეორე სამსახურში ნელ-ნელა, უფრო ნაკლები საათები იმუშაოს, მერე როცა ცოტა მექანიზმები გაძლიერდება, ნინოს შეუძლია გუნდი შეკრას, გააკეთოს პროფკავშირი და მოითხოვოს მეტი ხელფასი“- განაცხადა სოფო ჯაფარიძემ.
ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტის წევრმა, დიმიტრი ცქიტიშვილმა, მოამზადა შრომის კოდექსში შესატანი საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი და შრომის ინსპექციის შესახებ ახალი კანონპროექტი, რომლის ინიცირება და მიღებაც საშემოდგომო სესიაზეა დაგეგმილი.
კოდექსის მეხუთე მუხლი დასაქმებულების სამუშაოს მოცულობას განსაზღვრავს. კოდექსის მიხედვით, კვირაში ნორმირებული სამუშაო გრაფიკი 40 საათია, ზეგანაკვეთური შრომის შემთხვევაში კი 48. ამავე კანონის ერთ-ერთი მუხლი (16) კი განმარტავს, რომ აკრძალულია ერთზე მეტი სრული ან არასრულ სამუშაო განაკვეთზე პირების დასაქმება, თუ სამუშაო საათების მოცულობა კვირაში 48 საათს აღემატება.
შრომის კოდექსში ცვლილებების მიზანია, თითოეული დასაქმებული დაცული იყოს იმისგან, რომ დამსაქმებელმა მეტი მუშაობა არ აიძულოს, ვიდრე მისი ჯანმრთელობისთვისაა შესაბამისი, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დიმიტრი ცქიტიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, არსებულ კანონში გათვალისწინებულია კვირაში 40 საათიანი სამუშაო დრო და 8 საათიანი ზეგანაკვეთური.
„მნიშვნელოვანი მექანიზმი უნდა იყოს, რომ სახელმწიფომ შეძლოს გააკონტროლოს, ვინმემ ჩვენს მოქალაქეს ზედმეტი მუშაობა არ აიძულოს. ეს იქნება ორ სამსახურში თუ სამ სამსახურში, მისი არჩევანია, მაგრამ თითოეულ დასაქმებულს უნდა ჰქონდეს გარანტია, თუ მიიჩნევს, რომ მისი უფლებები ირღვევა, ამაზე სახელმწიფოს მექანიზმები ჰქონდეს. ცვლილებების მიზანია სტანდარტი შევქმნათ, როდესაც თითოეული დასაქმებული დაცული იქნება, რომ მას არ ამუშავებენ იმაზე მეტ დროს, ვიდრე მუშაობა ეკუთვნის. პრაქტიკულად, ეს გულისხმობს, რომ ვინმეს აუკრძალოს, თავისი სურვილით იმუშაოს რამდენიმე ადგილას. თუ ეს ინტელექტუალურ შრომას ეხება, შეზღუდვები აქ არ შეიძლება დაწესდეს. ალბათ დამეთანხმებით, რომ მომსახურების სფეროში, მრეწველობაში არის სამსახურები, სადაც ადამიანებს სამწუხაროდ, 10-12 საათს ამუშავებენ“, – განაცხადა ცქიტიშვილმა.
დეპუტატის თქმით, მსოფლიომ აღიარა, რომ დღეში რვასაათიანი სამუშაო დრო ნორმალური სამუშაო დროა და ამაზე მეტი ადამიანისთვის რისკებს შეიცავს.
„ჩვენ უნდა შევქმნათ ძალიან მნიშვნელოვანი სამართლებრივი ჩარჩო, რომ თითოეული დასაქმებული დაცული იყოს“, – განაცხადა დეპუტატმა.
მისი შეფასებით, სპეკულაციაა განცხადებები იმაზე, რომ ცვლილება ხელფასების შემცირებას გამოიწვევს.
„ყველაფერი ეს სპეკულაციაა. ადამიანის უფლებების დაცვა ჩვენი ვალდებულებაა, ისევე როგორც ნებისმიერი კეთილსინდისიერი ბიზნესის ვალდებულებაა, რომ ადამიანი ამუშაოს ისე, არ შელახოს მისი უფლებები. თუ ვინმე გადაწყვეტს, რომ ადამიანის უფლებების სტანდარტის ქვეყანაში დადგენის გამო დასაქმებულს ხელფასი უნდა შეუცვალოს, ეს ამორალურია, ადამიანურ მორალთან ძალიან შორსაა, რადგან თითოეული ადამიანი მუშაობს და ამ კომპანიებისთვის სიკეთეებს ქმნის“, – განაცხადა ცქიტიშვილმა.
თამუნა შეყილაძე