დონალდ ტრამპი ვოლოდიმირ ზელენსკიზე ზეწოლას ახდენს? – აშშ-ის ლიდერს იმპიჩმენტი ემუქრება

აშშ-ის წარმომადგენლობითი პალატის დაზვერვის კომიტეტის თავმჯდომარის ადამ შიფის განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ გაირკვევა, რომ დონალდ ტრამპი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკიზე ზეწოლას ახდენს, მას იმპიჩმენტი ემუქრება.

“თუ პრეზიდენტი სამხედრო დახმარებაზე უარს ამბობს და არჩევნებზე ოპონენტისთვის ზიანის მიყენების მიზნით უცხო ქვეყნის ლიდერის დაშინებას ცდილობს, იმპიჩმენტი ერთადერთი გამოსავალია“,-განაცხადა შიფმა, იტყობინება CNN.

დონალდ ტრამპი სკანდალში ვოლოდიმირ ზელენსკისთან 25 ივლისს გამართული სატელეფონო საუბრის შედეგად გაეხვა. გავრცელებულ განცხადებაში მაშინ ითქვა, რომ ტრამპმა კოლეგასთან საუბარში იმედი გამოთქვა, რომ „უკრაინის ახალი ხელისუფლება ქვეყნის იმიჯის შეცვლას მოკლე ვადაში მოახერხებს, ასევე დაასრულებს კორუფციასთან დაკავშირებული საქმეების გამოძიებას, რომლებიც უკრაინისა და აშშ-ის ურთიერთობას აზიანებს“.

აქ საუბარია აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატის ჯო ბაიდენის შვილზე ხანტერ ბაიდენზე, რომელიც უკრაინაში გაზის კომპანია “Burisma Holdings“-ის დირექტორთა საბჭოს წევრია. ჯერ კიდევ 2015 წელს ბაიდენი უფროსი ამტკიცებდა, რომ მის შვილს უკრაინის კორუფციულ სქემასთან არანაირი კავშირი არ აქვს.
22 სექტემბერს კი დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მზად არის ზელენსკისთან საუბრის სტენოგრამა გამოაქვეყნოს.
„მოვიფიქრებთ, როგორ გამოვაქვეყნოთ ის. პრობლემა იმაშია, რომ როდესაც თქვენ უცხო ქვეყნის ლიდერს ესაუბრებით, არ გსურთ, რომ მან იგრძნოს, რომ ღიად საუბარი არ შეუძლია“,-განაცხადა ტრამპმა.

მისი თქმით, მის საუბრებს უამრავი ადამიანი ისმენს, მათ შორის დაზვერვაში, მაგრამ ის ამის უფლებას აძლევს.
სატელეფონი საუბრის სტენოგრამის გასაჯაროებას სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო არ ეთანხმება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები