„ევროპოლი“ არასრულწლოვანთა პორნოგრაფიისა და ტრეფიკინგის საქმესთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

„ევროპოლი“ საქართველოში არასრულწლოვანთა პორნოგრაფიისა და ტრეფიკინგის საქმესთან დაკავშირებით 11 ადამიანის დაკავებაზე ინფორმაციას ავრცელებს.

სამართალდამცავ ორგანოებს შორის თანამშრომლობის ევროკავშირის სააგენტოს პრესრელიზში აღნიშნულია, რომ ავსტრალიის, საქართველოს და აშშ-ის სამართალდამცავმა და სასამართლო ორგანოებმა, ინტერპოლის მხარდაჭერით, ორგანიზებული დანაშაულებრივი ქსელი დაშალეს, რომელიც ჩართული იყო ბავშვთა სექსუალური ექსპლუატაციის მასალების დამზადებასა და გავრცელებაში.

„ევროპოლის“ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში წერია, რომ გასული თვის განმავლობაში საქართველოს პოლიციამ ჯგუფის სავარაუდო 11 წევრი დააკავა, მათ შორის ფოტოგრაფიული სტუდიის მფლობელები და თანამშრომლები, რომლებიც ბავშვთა სექსუალური ექსპლოატაციის მასალებს ამზადებდნენ.

„დაკავებულ ეჭვმიტანილებს შორის არიან ამერიკის და ავსტრალიის მოქალაქეები. ქართველი თანამზრახველების დახმარებით, მათ ორგანიზება გაუწიეს თბილისში არსებულ დაქირავებულ ბინებში ბავშვების სექსუალური ექსპლუატაციის ამსახველი სურათების წარმოებას. შექმნილი მასალების გავრცელებას იგივე კრიმინალური ჯგუფი ახდენდა. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალურმა კრიმინალურმა დეპარტამენტმა 8-დან 14 წლამდე 10 გოგონას იდენტიფიცირება მოახდინა, რომლებიც ქსელის მსხვერპლები იყვნენ. რამდენიმე გოგონა მსხვერპლი მათი მშობლების თანხმობით გახდა, რისთვისაც 500-დან 3000 ლარამდე ოდენობით თანხას იღებდნენ. საქართველოს პოლიციამ, ევროპოლის დახმარებით, ჩხრეკა ჩაატარა უკანონო ფოტოსალონებში და ამოიღო კომპიუტერული ტექნიკა, დისკები და მეხსიერების ბარათები, სადაც განთავსებული იყო ბავშვთა სექსუალური ძალადობის ამსახველი სურათები და ვიდეოები. ასევე ამოღებულ იქნა ძვირადღირებული კამერები, განათების და კომპიუტერული აღჭურვილობა. ინფორმაციის უსაფრთხო გაცვლის ხელშეწყობით, ევროპოლი დაეხმარა გამოძიებას, უზრუნველყო ოპერატიული ანალიტიკური და სადაზვერვო მხარდაჭერა და ადგილზე ოპერატიული მოქმედების დასახმარებლად ორი ექსპერტი განათავსა“, – აღნიშნულია „ევროპოლის“ პრესრელიზში.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის, გენერალური პროკურატურის, ევროპოლის, ამერიკის შეერთებული შტატებისა და ავსტრალიის სამართალდამცავი უწყებების თანამშრომლებმა, ერთობლივად გატარებული ინტენსიური ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, არასრულწლოვნის ვაჭრობისა და არასრულწლოვნის გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიული ნაწარმოების დამზადება-გასაღების ქსელი გამოავლინეს და ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის 11 წევრი დააკავეს.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ყველა დაკავებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

წყარო: 1TV.GE

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები