გია აბაშიძე: კომპანია „მერიდიანი“, რომელიც ხაზარაძემ შემოგვასაღა როგორც ბრიტანული ინვესტორი, დიდი ალბათობით, რუსული შავი ფულის სარეცხი მანქანაა

0

Meridian Capital Limited, რომელიც მამუკა ხაზარაძემ შემოგვასაღა როგორც ბრიტანული ინვესტორი, დიდი ალბათობით არის რუსული შავი ფულის სარეცხი მანქანა, – ამის შესახებ ანალიტიკოსმა გია აბაშიძემ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

როგორც გია აბაშიძემ აღნიშნა, Meridian Capital Limited-ის ძირითადი მეწილეები ყაზახი ბიზნესმენები არიან. აბაშიძის თქმით, კომპანიას ყაზახური ინვესტიციების გარდა, კავშირი რუსულ ფულთან და რუს ოლიგარქებთან აქვს.

„საქმე ეხება მამუკა ხაზარაძის მიერ გაცხადებულ Meridian Capital Limited-ს. ეს კომპანია მან რამდენიმე დღის წინ ერთ-ერთ ტელეარხზე გაასაღა, როგორც ბრიტანული ინვესტორი, რომელიც დაბლოკილი იქნა მინისტრ ცქიტიშვილის მიერ. სამწუხარო ფაქტია, რომ მამუკა ხაზარაძემ კიდევ ერთი ტყუილი თქვა. Meridian Capital Limited-ზე საერთაშორისო მედიაში უამრავი ინფორმაცია იყო. მარტივად რომ ვთქვათ, რა არის Meridian Capital Limited, ეს არის საერთაშორისო კომპანია, რომელიც ოფშორში, ბერმუდის კუნძულებზეა რეგისტრირებული. უმეტეს წილად მისი დამფუძნებლები და მეწილეები ყაზახეთის უდიდესი ბიზნესმენები არიან. ირკვევა, რომ ერთ-ერთი მათგანი ევგენი ფელდი დაკავშირებულია ბატონ ალექსეი დიუმინთან. დიუმინი გახლავთ რუსეთში, ტულის ოლქის გუბერნატორი, პუტინის ყოფილი პირადი მცველი, რომელსაც სხვადასხვა რუსული ანალიტიკური ცენტრები მოიაზრებენ, როგორც მის მემკვიდრეს პრეზიდენტად. შორს რომ არ წავიდეთ, Meridian Capital Limited-ში იკვეთება, რომ ყაზახური ინვესტიციების გარდა, რუსულ ფულთან, რუსულ სახელმწიფო კაპიტალთან, რუს ოლიგარქებთან არის კავშირი.
გვესმის, რომ ეს არის საერთაშორისო კომპანია, მაგრამ დომინანტი იქ არის რუსული და ყაზახური კაპიტალი. როგორ აპირებს ხაზარაძე პოლიტიკა გააგრძელოს ამდენი ტყუილით და სიყალბით?

ამას არ სჭირდება დიდი ანალიტიკა და ინტერნეტში მასალების მოჩხრიკვით ჩნდება საერთო სურათი, რომ Meridian Capital Limited, რომელიც შემოგვასაღეს როგორც ბრიტანული ინვესტორი, ასე არ არის, ეს დიდი ალბათობით, არის რუსული შავი ფულის სარეცხი მანქანა. იმ ფონზე, როცა აშშ-ს სახელმწიფო მდივანი პომპეო ამბობს, რომ ანაკლიის პორტში არანაირად არ უნდა იყოს რუსული და ჩინური ბიზნესინტერესები, ამის შემოსაღება „კონტი ჯგუფის“ ნაცვლად არის უპასუხისმგებლობა, რბილად რომ ვთქვათ.
დიდი იმედი მაქვს, რომ საქართველოს მთავრობა, შესაბამისი სამინისტროები, კიდევ უფრო ღრმად ჩაეძიებიან ამ კომპანიას და უფრო ოფიციალურ დონეზე გაგვცემენ პასუხს, რა არის და რასთან გვაქვს საქმე. მისასალმებელია ის, რაც დღეს ვიხილეთ – ოპოზიციონერი დეპუტატები ბევრ კითხვის ნიშანს სვამენ იმასთან დაკავშირებით, თუ რასთან გვაქვს საქმე და რას წარმოადგენს Meridian Capital Limited“- განაცხადა გია აბაშიძემ.

ცნობისთვის, TBC ბანკისა და საზოგადოებრივი მოძრაობა ლელოს დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ პალიტრა ნიუსის ეთერში თქვა, რომ ანაკლიის პორტის ინვესტორი კომპანიის შეხვედრამ ინფრასტრუქტურის სამინისტროში “კატასტროფულად ჩაიარა”.
“ჩვენ ორი ინვესტორი გვყავს მზად. ერთი უკვე აქ იმყოფება, სამი დღეა, რომელთანაც ინფრასტრუქტურის მინისტრს ჰქონდა შეხვედრა ახლად არჩეულ [კონსორციუმის] ბორდის წევრებთან ერთად. შეხვედრამ ჩაიარა კატასტროფულად. პრაქტიკულად, სახელმწიფომ მინისტრის სახით უთხრა -“ჩვენ თქვენნაირი ინვესტორები არ გვინდა.”
მამუკა ხაზარაძემ მოგვიანებით, გადაცემა ,,მთავარ აქცენტებში” საუბრისას თქვა, რომ ეს ბრიტანული კომპანია მერიდიანი იყო.
“ეს არის რეპუტაციული, საერთაშორისო ბრენდი, რომელიც მუშაობს 10-ზე მეტ ქვეყანაში. პორტფელში აქვთ დაწყებული ნიუ-იორკში უზარმაზარი მშენებლობით, დამთავრებული უამრავი აეროპორტით.”

მაია ცქიტიშვილი ხაზარაძის განცხადებას გამოეხმაურა.
“მამუკა ხაზარაძე ესწრებოდა ამ შეხვედრას? – არ ესწრებოდა, შესაბამისად, ეს ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს. მე ამ თემაზე გუშინაც გავაკეთე კომენტარი. ამ კომპანიასთან და ნებისმიერ სხვა ინვესტორთან, რომელიც ჩვენს ქვეყანაში ინვესტიციების განხორცილებას აპირებს, მთავრობას აქვს ყოველთვის ძალიან ყურადღებიანი და დადებითი დამოკიდებულება.

ჩვენ ჩვეულებრივ საქმიან რეჟიმში ვაგრძელებთ ურთიერთობას “ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან”, პირველ რიგში ამ კონკრეტული შემოთავაზებული ინვესტორის შეთანხმების პროცედურებთან დაკავშირებით. არა თუ არ გამიგდია ინვესტორი ოთახიდან, არამედ “ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან” ერთად ვაგრძელებთ მუშაობას იმისთვის, რომ მივიღოთ მეტი ინფორმაცია კონკრეტულად ამ ინვესტორთან დაკავშირებით და ერთად ვიმსჯელოთ, ეს ინვესტორი შეძლებს თუ არა, რომ ჩაანაცვლოს 45%–იანი წილის მქონე ამერიკული კომპანია “კონტი ჯგუფი”, – განაცხადა ცქიტიშვილმა.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი