ჟვანიას სკოლის პროფესიული საჯარო მოხელის პროფესიული განვითარების საბაზისო პროგრამამ აკრედიტაციის პროცესი წარმატებით გაიარა

0

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა სსიპ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის ორ ახალ სატრენინგო პროგრამას: „მოხელის მენეჯერული უნარები“ და „პიროვნული და პროფესიული კომპეტენციების განვითარება“ აკრედიტაცია მიანიჭა.

2019 წლის ოქტომბრიდან, პირველად, სკოლის დაარსების ისტორიიდან, ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა, საჯარო მოხელის განვითარების რეფორმის ფარგლებში, საჯარო სექტორში დასაქმებულ პირებს ორ აკრედიტებულ სატრენინგო პროგრამას შესთავაზებს, რომლის მიზანია საჯარო სექტორში მომუშავე მოხელეების პროფესიული განვითარება, მათი კვალიფიკაციის ამაღლება როგორც თეორიული ცოდნის გაღრმავების, ასევე პრაქტიკული უნარების გაუმჯობესების გზით.

როგორც “კვირას” ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლიდან აცნობეს, სატრენინგო პროგრამები „მოხელის მენეჯერული უნარები“ და „პიროვნული და პროფესიული კომპეტენციების განვითარება“ საბაზისო პროგრამებს წარმოადგენს, რომლებითაც I, II, III და IV რანგის საჯარო მოხელეები ისარგებლებენ.

აკრედიტაციის მიღების პროცესს წინ უძღოდა რიგი მოსამზადებელი სამუშაოები, რომლებიც ჟვანიას სკოლამ წარმატებით განახორციელა. კერძოდ, ქვეყნის 4 რეგიონში: აჭარაში, ქვემო ქართლში, სამცხე-ჯავახეთსა და კახეთში გამართული საინფორმაციო-საკონსულტაციო შეხვედრებისას, სკოლის წარმომადგენლები შეხვდნენ საჯარო სექტორში დასაქმებულ მოხელეებს, საჯარო მოხელის პროფესიული განვითარების პროგრამების შემუშავების პროცესში აქტიური ჩართვის, რეგიონული საჭიროებების გამოვლენის, გამოწვევებისა და შესაძლებლობების გაცნობის მიზნით, აგრეთვე – 11 თვითმმართველი ქალაქის მერებს, საკრებულოს თავმჯდომარეებს, სამსახურის ხელმძღვანელებსა და საჯარო მოხელეებს.

ჟვანიას სკოლა წარმატებით აგრძელებს თავის საქმიანობას, რომელიც მიზნად ისახავს, როგორც ადგილობრივ თვითმმართველობის ორგანოებში დასაქმებული საჯარო მოხელეების განვითარებას, ასევე ეროვნული უმცირესობების უზრუნველყოფას სახელმწიფო ენის სწავლების პროგრამით მთელი ქვეყნის მასშტაბით.

კომენტარები

კომენტარი