presa.ge საზოგადოებასა და gwp-ის ბოდიშს უხდის

,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერსა” და presa.ge-ს შორის მიმდინარე სასამართლო პროცესი მორიგებით დასრულდა, რომლის თანახმადაც კავკასიის ინტერნეტ მედია ჯგუფს დაეკისრა მის მიერ 2019 წლის 31 იანვარს არასწორად გავრცელებული ინფორმაციის საჯაროდ უარყოფა.

gwp-ის ინფორმაციით, presa.ge ბოდიშს უხდის “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერს” და საზოგადოებას 2019 წლის 31 იანვარს სასმელი წყლის ხარისხთან დაკავშირებით მცდარი და გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისთვის და საზოგადოების შეცდომაში შეყვანისთვის.

“ვადასტურებთ, რომ presa.ge-ს მიერ 2019 წლის 31 იანვარს გამოქვეყნებული სტატია სათაურით – “საავადმყოფოში ყოველ 5 წუთში წყლისგან მოწამლული ადამიანები შემოჰყავთ” – ფეკალიები სასმელ წყალში” არ შეესაბამებოდა სიმართლეს. ვაცნობიერებთ, რომ ჩვენ მიერ გამოქვეყნებული მცდარი ინფორმაცია მყისიერად გავრცელდა სხვა სააგენტოების და სოციალური ქსელის მეშვეობით, რამაც კიდევ უფრო მეტად შეუწყო ხელი საზოგადოების შეცდომაში შეყვანას”,-ნათქვამია დღეს presa.ge-ს მიერ საჯაროდ გავრცელებულ განცხადებაში.

ცნობისათვის, კომპანია ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა presa.ge-ს წინააღმდეგ სარჩელი სასამართლოში 2019 წლის 2 აპრილს შეიტანა, presa.ge-ს მიერ გავრცელებული სტატიის გამო სათაურით – “საავადმყოფოში ყოველ 5 წუთში წყლისგან მოწამლული ადამიანები შემოჰყავთ” – ფეკალიები სასმელ წყალში” , სადაც ითხოვდა საქმიანი რეპუტაციის შემლახველი არასწორი ინფორმაციის საჯაროდ უარყოფასა და აღნიშნულის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურებას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები