შსს, ბინათმშენებლობის პროექტის ფარგლებში, თანამშრომელთათვის საცხოვრებელი ბინების საკუთრებაში გადაცემის პროცესს აგრძელებს

0

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართვის საფუძველზე ეკონომიკის სამინისტროს მიერ მომზადებული პროექტი – „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ფიზიკური პირებისათვის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ – საქართველოს მთავრობას დასამტკიცებლად დღეს წარედგინა. პროექტი შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელთათვის, ბინათმშენებლობის პროექტის ფარგლებში, ბინების საკუთრებაში გადაცემას ითვალისწინებს.

უწყების ინფორმაციით, საცხოვრებელი ბინები თბილისში საკუთრებაში უკვე გადაეცა შინაგან საქმეთა სამინისტროს 61 თანამშრომელს, ქონების გადაცემის პროცედურა მიმდინარეობს რეგიონებშიც 129 ბინის საკუთრებაში გადაცემაზე.

ბინათმშენებლობის პროექტი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სისტემური განახლების ფარგლებში მომზადდა და მისი მიზანია სამინისტროს მოსამსახურეებს მიეცეთ საშუალება შეღავათიანი პირობებით შეიძინონ საცხოვრებელი სახლები.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელთათვის თბილისში, რუსთავში, ქუთაისში, ზუგდიდსა და ბათუმში მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსები შენდება. თითოეულ ქალაქში ორი 11-სართულიანი, მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა მიმდინარეობს. 10 საცხოვრებელი კორპუსი 400 თანამშრომლისთვის არის განკუთვნილი. ბინის ღირებულების 40%-ს სახელმწიფო დაფარავს, ხოლო 60% თანამშრომლების თანადაფინანსება იქნება.

პროექტის მიზანია თანამშრომელთა სოციალური პირობების გაუმჯობესება და მათი მხრიდან გრძელვადიანი კარიერის დაგეგმვის მხარდაჭერა.

კომენტარები

კომენტარი