გია ალიბეგაშვილი: ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი თავის ადგილს დაიკავებს რეგიონში

0

„ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი ჩვენს შვილებს მისცემს შესაძლებლობას, საქართველოში სრულფასოვანი განათლება მიიღონ და თავიანთი ინტელექტი ჩვენს ქვეყანას მოახმარონ“, – ამის შესახებ ენის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარემ, გიორგი ალიბეგაშვილმა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის მშენებლობასთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.

„ჩვენ, უფროს თაობას ყოველთვის გვაქვს ხოლმე სურვილი, რომ ჩვენი შვილები სასწავლებლად უცხოეთში წავიდნენ. სწორედ ამის ჩანაცვლება მოხდება, რომ მათ სრულფასოვანი განათლება საქართველოში მიიღონ და თავიანთი ინტელექტი ჩვენს ქვეყანას მოახმარონ. ეს არის ძალიან მისასალმებელი“, – განაცხადა გია ალიბეგაშვილმა.

მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილის და მისი ოჯახის მიერ საფუძველჩაყრილი ეს პროექტი ძალიან მნიშვნელოვან როლს შეასრულებს საქართველოს საგანმანათლებლო სისტემაში.

„ისტორიული დღეა. ვულოცავ ქუთაისელებს, სრულიად საქართველოს და განსაკუთრებით ჩვენს ახალგაზრდობას. ეს იქნება საერთაშორისო უნივერსიტეტი თავისი მნიშვნელობით. რა თქმა უნდა, პარტნიორების გარეშე შეუძლებელია ასეთი მასშტაბური პროექტის წამოწყება. მივესალმები მიუნხენის ტექნოლოგიური უნივერსიტეტს ამ კუთხით და ვფიქრობ, რომ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი თავის ადგილს დაიკავებს რეგიონში. მნიშვნელოვანია, რომ პროექტის ბიუჯეტი მილიარდი ევროა“, – განაცხადა გია ალიბეგაშვილმა.

მისი თქმით, უნივერსიტეტს ექნება შესაძლებლობა, შესთავაზოს როგორც ქართველ ისე უცხოელ სტუდენტებს ერთობლივი ხარისხი, შერეული ხარისხი ან სხვადასხვა ინსტიტუციები ორი დიპლომი.

კომენტარები

კომენტარი