„ციხეში დღეში სამჯერ მცემდნენ, საღ კბილებს ცოცხლად მაძრობდნენ“- „ქართული ოცნების“ მობილური ჯგუფის ყოფილი ხელმძღვანელი აცხადებს, რომ საქმე დღემდეე არაა გამოძიებული

ყოფილი პატიმარი, ომის ვეტერანი, ჩუღურეთში „ქართული ოცნების“ მობილური ჯგუფის ყოფილი ხელმძღვანელი, გიორგი გოგოხია აცხადებს, რომ მისი საქმე დღემდე გამოუძიებელია. გოგოხიას თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს პოლიტიკური ნიშნით დააკავეს, ციხეში არაერთხელ აწამეს და ცემის გამო მეოთხე სტადიის სიმსივნე განუვითარდა. ყოფილი პატიმარი ეჭვობს, რომ მისი საქმის გამოძიებას „ქართული ოცნებიდან“ ვიღაც უშლის ხელს. როგორც გოგოხიამ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში სტუმრობისას განაცხადა, მას საკმაოდ ახლო ურთიერთობა ჰქონდა ბიძინა ივანიშვილთან. „ქართული ოცნების“ მობილური ჯგუფის ყოფილი ხელმძღვანელი ფიქრობს, რომ ამის გამო მმართველ გუნდში ვიღაცამ მისი ჩამოშორება განიზრახა.

„მე ვიყავი ჩუღურეთის რაიონის მობილური ჯგუფის ხელმძღვანელი. ოპოზიციაში პირადად მიხეილ სააკაშვილმა გადამიყვანა თავისი ტყუილებით, დაპირებებით, რასაც შეეწირა მამაჩემი, ცნობილი ჟურნალისტი, ომის ვეტერანი გიორგი გოგოხია და დავრჩი ქუჩაში. 2006 წლიდან ვიყავი ოპოზიციაში „ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ. ჩემს მიმართ იყო არაერთგზის მუქარები, შანტაჟი, მაგრამ არაფერს ვუშინდებოდი, ოპოზიციაში ვიყავი და სულს ვუმწარებდი “ნაციონალურ მოძრაობას”. 2007 წელს აქციის დარბევის დროს 4 ნეკნი ჩამიტეხეს. ვიყავი ლოგინს მიჯაჭვული, მოვარდა პოლიცია, გამიფორმეს ნარკოტიკული ნივთიერების მოხმარება, სასამართლო ჩამიტარეს, თან დამემუქრნენ – გაგანადგურებთო.
2011 წელს აქციისას, მიწაზე დამაგდეს, მიბჯენით მესროდნენ, მკლავდნენ, ეს გიორგი გოგოხიაა და მოკვდესო, მაგრამ განგების ძალამ გადამარჩინა.
ვიყავი „ქართული ოცნების“ მობილური ჯგუფის ხელმძღვანელი ჩუღურეთის რაიონში. ყველა ღონისძიების ორგანიზებისას წინა პლანზე ვიყავი, სულ სტრატეგიულ ობიექტებზე“- განაცხადა გოგოხიამ.

მისივე თქმით, 2012 წელს, არჩევნებამდე ნარკოდანაშაულის ბრალდებით დააკავეს. როგორც გოგოხია ამბობს, დაკავებას პოლიტიკური სარჩული ჰქონდა. მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების დროს ციხეში არაერთხელ აწამეს.

„2012 წლის აგვისტოში დამიჭირეს, დამასაფლავეს ისეთი კადრები დამიდეს, ახლაც რომ მახსენდება მაკანკალებს. ციხეში, ცემაში დამმართეს მეოთხე სტადიის კიბო, დღეში სამჯერ მცემდნენ, საღ კბილებს ცოცხლად მაძრობდნენ. არ ვიცი როგორ გადავრჩი, ალბათ ღმერთის ნებაა. ეს დაკავება იყო პოლიტიკური სარჩულით. არავინ მომაქცია ყურადღება, ის კი არა ვითომ პოლიტპატიმართა სიაში უნდა შევსულიყავი და 2013 წელში ქალბატონმა ნანა კაკაბაძემ მითხრა, დიდი ბოდიში, მაგრამ დამატებით სიაში ჩაგსვამთო . ვის რად უნდოდა პოლიტპატიმრობა, არაფერი გამაჩნდა, ქუჩაში ვიყავი. ვიყავი სახელმწიფო სუბსიდიაზე. ქალბატონი რიმა ბერიძე, გია ვოლსკი დამიდგნენ გვერდში. ასევე ნინო ბურჯანაძე უანგაროდ დამიდგა გვერდით, როგორ შეიძლება ამის დავიწყება, დანარჩენებმა არც კი მომიკითხეს“- განაცხადა გოგოხიამ.
გოგოხიას თქმით, ვარკეთილში მის მეუღლეს 30 კვადრატული მეტრის ფართი აქვს, რის დაკანონებასაც ითხოვს. მისივე თქმით, ამ საკითხზე საკრებულოს დეპუტატები ვატო შაქარაშვილი და ჯაბა ჯიშკარიანი ეხმარებოდნენ. გოგოხია ამბობს, რომ ფართის დაკანონება მერიაში შემორჩენილი „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლების გამო ვერ მოხერხდა.

„ჩემს მეუღლეს ვარკეთილში აქვს დასაკანონებელი 30 კვადრატული, ყოველთვის მაძლევდნენ დაკანონების პირობას, მაგრამ დღემდე არაა დაკანონებული. გამგეობაში მითხრეს, ახლა რომ დაგიკანონოთ ოპოზიციური ძალები რა დღეს დაგვაყრიან, წარმოიდგინეთო. ისევ შემორჩნენ „ნაციონალები“, მათი აგენტურა.
უპატრონობის სინდრომი მაქვს. ვიღაც ჩემითაა დაინტერესებული, იმიტომ, რომ ძალიან ახლოს ვიყავი იმ ადამიანთან, მიხვდებით ვიზეცაა საუბარი, (გულისხმობს ბიძინა ივანიშვილს) იმის გამო, რომ ვიღაცისთვის არ გადამესწრო, ასე გამწირეს. “ქართულ ოცნებაში” არის ვიღაც ისეთი, ვინც ბლოკავს ჩემი საქმის გამოძიებას, ამაში დარწმუნებული ვარ.
არაფერს აღარ მოვითხოვ, ელემენტარული თავშესაფარი რომ მქონდეს, 30 კვადრატი რომ დამიკანონდეს, ეს მინდა“- აცხადებს გოგოხია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები