ვახტანგ ცაგარელი ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტზე – ეს იქნება დასავლური ტიპის სუპერთანამედროვე უნიერსიტეტი

0

„ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი იქნება დასავლური ტიპის სუპერთანამედროვე უნიერსიტეტი”, – ამის შესახებ ტელეკომპანია იმედის ეთერში ფონდ „ქართუს“ პროექტების ხელმძღვანელმა ვახტანგ ცაგარელმა განაცხადა.

მისი თქმით, ფონდ “ქართუს” მხრიდან ეს არის საქველმოქმედო პროექტი და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის მფლობელი იქნება სახელმწიფო.

„პროექტის ჯამური ბიუჯეტი დაახლოებით ერთი მილიარდი ევროა, რაზეც ფონდმა და მისმა ერთადერთმა დონორმა და დამფუძნებელმა ბიძინა ივანიშვილმა ცალსახად და მკაფიოდ თანხმობა და მზადყოფნა დააფიქსირა. ეს ბიუჯეტი ძირითადად დაიხარჯება ინფრასტრუქტურულ სამუშაოებზე, რომელიც თავისი ინფრასტრუქტურული სივრცითი მოწყობით უნიკალური იქნება. კამპუსის ჯამური ტერიტორია შეადგენს 153 ჰექტარს. ფართის ნახევარი არის ენდემური ჯიშებით გაშენებული ტყის მასივი, რომელიც უნიკალურობას შესძენს ამ კამპუსს და უნივერსიტეტს”, – განაცხადა ვახტანგ ცაგარელმა.

მისი თქმით, პირველ ფაზაზე შენობების ჯამური ფართი, რომლებიც 2020 წლის სექტემბერში გაეშვება, დაახლოებით 170 ათასი კვადრატული მეტრი იქნება, განსხვავებული დანიშნულებითა და ფუნქციით.

მისივე თქმით, საგანმანათლებლო სივრცე მოიცავს სასწავლო და აკადემიური კორპუსებს, ლაბორატორიებს, საცხოვრებლებს სტუდენტებისთვის და პროფესურისთვის. შემდეგ ფაზაში იგეგმება ცენტრალური ბიბლიოთეკისა და ცენტრალური კვების ობიექტის ექსპლუატაციაში გაშვება. აღჭურვის კუთხით იქნება სრული ავტომატიზაცია, დაინერგება თანამედროვე ტექნოლოგიები, როგორიცაა სმარტბორდები, ჩატარდება დისტანციური გაკვეთილები.

„ჩვენ გვყავს ბევრი პარტნიორი უნივერსიტეტი, მათ შორის მთავარია მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტი, რომლის ბაზაზეც, პროფესურის უშუალო ჩართულობით მომზადდა აკადემიური პროგრამა. შესაბამისად, ჩვენ გვექნება დანერგილი დისტანციური გაკვეთილები და ელექტრონული სწავლების მეთოდიკა.

ფონდ “ქართუს” მხრიდან ეს არის საქველმოქმედო პროექტი და აღნიშნული უნივერსიტეტის მფლობელი იქნება სახელმწიფო. სამუშოების პირველი ეტაპის დასრულებას ერთ წელზე ნაკლები დასჭირდება, 2020 წლის სექტემბერში პირველი სტუდენტების მიღებას შევძლებთ, ამის პარალელურად მოხდება ყველა მიმართულებით განვითარება, ეს იქნება როგორც ინფრასტრუქტურული ნაწილი, ანუ სივრცით მოწყობა, ისე აკადემიური ნაწილი. წლიდან წლამდე, ახალი დისციპლინების დანერგვის პარალელურად გაიზრდება სტუდენტთა რაოდენობაც.

პირველ ფაზაში უნივერსიტეტი დაახლოებით 1000 სტუდენტის მიღებას შეძლებს მატემატიკის, კომპიუტერული ტექნოლოგიების და მენეჯმენტის სპეციალობებზე“, – განაცხადა ცაგარელმა.

კომენტარები

კომენტარი