ივანე მაჭავარიანი: 20 ივნისს, გარდა რამდენიმე ინციდენტისა, რომლებიც რეზინის ტყვიებს უკავშირდება, არანაირი გადამეტება არ იყო

0

„ეკონომიკური საკითხებზე, რაც მოყვანილია – სიღარიბე, უმუშევრობა და ა.შ. გაცილებით ზუსტ და კვალიფიციურ კვლევებს ატარებენ სტატისტიკის სამსახურში და ასევე სხვადასხვა უწყებებში. ეს არის გაცილებით მაღალხარისხიანი და მეთოდებიც არის აპრობირებული”, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა მთავრობის დასრულების შემდეგ „ენდიაის“ კვლევებთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა. მისი შეფასებით აღნიშნული კვლევა პოლიტიკური კონტექსტით არის დანახული.

„შესაბამისად, როცა საუბარია სიღარიბეზე, უმუშევრობაზე, სხვა პარამეტრებზე, რომლითაც ეკონომიკის შეფასება ხდება, ბუნებრივია, ჩვენ ეს პარამეტრები გვაქვს გაცილებით უფრო ხშირად და გაცილებით უფრო ზუსტი. ეკონომიკური პოლიტიკის დაგეგმვისას და გატარებისას, ვეყრდნობით როგორც ადგილობრივ, პირველ რიგში, სტატისტიკის დეპარტამენტის, ასევე სხვა უწყებების კვლევებს, ასევე საერთაშორისო პარტნიორების კვლევებს, რომლებიც საკმაოდ სერიოზულ კვლევებს ატარებენ – მსოფლიო ბანკი თუ სხვა ორგანიზაციები. შესაბამისად, მონაცემები გვაქვს ბევრად უფრო ზუსტი.

„ენდიაის“ კვლევა უფრო პოლიტიკური კონტექსტით და რაკურსით დანახულია ხოლმე და განწყობებს უფრო გამოხატავს, რომელიც ასევე გასათვალისწინებელი და მნიშვნელოვანია. თუმცა „ენდიაის“ როგორც ინსტიტუტის ნდობა, იყო, მერე იყო საუბარი, რომ ადგილზე ვერ ხორციელდება სათანადოდ საველე სამუშაოები. მე ამ პოლემიკაში ვერ შევალ, რადგან სათანადო ინფორმაცია არ მაქვს, მაგრამ ერთი რამ ვიცი, რომ განწყობებშიც თუ არის ცვლილება, ეს გასათვალისწინებელია ხელისუფლების მიერ და მოდუნების საშუალება არ უნდა მოგვცეს ამან. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ პირდაპირ აღებული იმ განწყობებით უნდა დავგეგმოთ ეკონომიკა“, – განაცხადა მაჭავარიანმა.
​მან 20 ივნისს პარლამენტთან განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით “ენდიას” კვლევაც შეაფასა. როგორც აღნიშნა, ხელისუფლების და პოლიციის მხრიდან არც ერთ ეტაპზე არ ყოფილა.

„რაც შეეხება 20 ივნისს, დრამატული შემთხვევის რამდენიმე ინციდენტის გარდა, რომელიც კარგად ვიცით, რომ გვიან და დილისკენ განვითარდა, რომლებმაც გამოიწვია თვალის დაკარგვა, ძალის გადამეტება არც ერთ ეტაპზე არ იყო ხელისუფლების და პოლიციის მხრიდან. პირადად ვუყურებდი, ვესწრებოდი და იქ ვიყავი. გარდა რამდენიმე ინციდენტისა, რომლებიც რეზინის ტყვიებს უკავშირდება, არანაირ გადამეტებას არ ჰქონია ადგილი. იყო აგრესია მათ მიმართ ბევრი საათის განმავლობაში. გაქვთ ქრონოლოგია, დასხედით, უყურეთ რა როდის, რომელ წამზე რა ხდებოდა და ნახავთ. დრამატული ნაწილია ბოლოსკენ, რომელზეც ინდივიდუალური გამოძიება მიმდინარეობს“, – აღნიშნა ივანე მაჭავარიანმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

ცნობისათვის, „ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა“ (NDI) და „კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი (CRRC) საქართველოს“ მიერ გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 60 პროცენტი მთავრობის საქმიანობას უარყოფითად აფასებს, 32 პროცენტი კი – დადებითად.

კომენტარები

კომენტარი