20 სექტემბერს გინეკოლოგიური კიბოს წინააღმდეგ გლობალური მარათონი გაიმართება (ვიდეო)

2019 წლის 20 სექტემბერი გინეკოლოგიური კიბოს საერთაშორისო დღედ გამოცხადდა, რომლის მიზანია დაავადების რისკფაქტორების შესახებ ქალთა ცნობიერების ამაღლება. კამპანია ხელს უწყობს დაავადების ნიშნების ამოცნობასა და შესაბამისი ზომების მიღებას საერთაშორისო კამპანიასთან – “GO… ცნობადობისთვის, მოქმედებისთვის, იმედისა და სიცოცხლისთვის“ ერთად. აღსანიშნავია, რომ კამპანია ერთდროულად 20-ზე მეტ ქვეყანაში ტარდება.

ამერიკის შეერთებულ შტატებში გინეკოლოგიური კიბოთი ყოველწლიურად დაახლოებით 98 ათასი ქალი ავადდება, ხოლო ევროპაში 58 ათასი ქალი საშვილოსნოს ყელის კიბოთი დიაგნოსტირდება.

მდედრობითი სქესის მოსახლეობის ინფორმირების ზოგადი დონე გინეკოლოგიური კიბოს შესახებ ჯერ კიდევ მნიშვნელოვნად დაბალია! ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ სხვა დაინტერესებულ მხარეებთან და საადვოკაციო ჯგუფებთან მჭიდრო თანამშრომლობით, შეგვეძლება ცნობიერების ამაღლება, გინეკოლოგიური კიბოს პროფილაქტიკის და ადრეული გამოვლენის გაუმჯობესება.

2018 წელს, მსოფლიოში 1.3 მილიონზე მეტ ქალს გინეკოლოგიური კიბო დაუდგინდა: საშვილოსნოს ყელის კიბო 44%, საკვერცხეების კიბოს ახალი შემთხვევები – 23%, ენდომეტრიუმის კიბო – 29% და სხვა ლოკალიზაციაში 5%. 2018 წელს, მსოფლიოში გინეკოლოგიური კიბოთი 468,000 ქალი გარდაიცვალა.

2019 წლის 20 სექტემბერს გინეკოლოგიური კიბოს მსოფლიო დღე 20-ზე მეტ ქვეყანაში აღინიშნება. ამ დღეს უერთება საქართველოც. ღონისძიების ორგანიზატორები არიან:

თბილისის ონკოლოგიური ცენტრი; დაავადებათა პრევენციის ფონდი; ალიანსი კიბოს წინააღმდეგ; ევროპის ონკოგინეკოლოგთა საზოგადოება.

ამ დღესთან დაკავშირებით, დაგეგმილია საქველმოქმედო ხასიათის სხვადასხვა აქტივობები: 11:00 საათზე თბილისის ონკოლოგიურ ცენტრში პაციენტების მონახულება და სიმბოლური საჩუქრების გადაცემა იგეგმება. 14:00 საათზე კი ლისის ტბაზე ქალთა კიბოს წინააღმდეგ გლობალური მარათონი-მსვლელობა მოეწყობა. გამარჯვებულებს სამახსოვრო საჩუქრები გადაეცემათ. ღონისძიებას დაესწრებიან საქართველოში არსებული სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციები, ასევე, სხვადასხვა საელჩოს წარმომადგენლები.

ღონისძიების ერთ-ერთი ორგანიზატორია თბილისის ონკოლოგიური ცენტრის ონკოგინეკოლოგი და ევროპის ონკოგინეკოლოგთა საბჭოს წევრი დინა ქურდიანი.

R

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები