“ფორსაჟი 9”-ის გადაღებების გამო დათუაშვილის ქუჩა და ამაშუკელის ქუჩის მონაკვეთი გადაიკეტება

ჰოლივუდური ფილმის “ფორსაჟი 9” ეპიზოდების გადაღებების გამო, 21 სექტემბრის 00:00 საათიდან 22 სექტემბრის 00:00 საათამდე ნუცუბიძის ფერდობზე დათუაშვილის ქუჩა და ამაშუკელის ქუჩის მონაკვეთი გადაიკეტება. ასევე დათუაშვილისა და ამაშუკელის ქუჩებთან დაკავშირება ნუცუბიძის ფერდობის მე-3 მიკრორაიონიდანაც ​ შეუძლებელი იქნება. ხოლო ამაშუკელის ქუჩის შესახვევიდან დაშვებული იქნება მოძრაობა ბერიტაშვილის, მაჭავარიანის ან კვაჭაძის ქუჩების მიმართულებით.

​თბილისის მერიის ინფორმაციით, გზების დროებითი გადაკეტვის გამო, შეიცვლება N88 და N99 ავტობუსების მარშრუტები. N88-ის ბოლო გაჩერებად მე-4 მიკრორაიონში არსებული N192 საბავშვო ბაღის მიმდებარე მოედანი განისაზღვრება. N99 ავტობუსი ჟღენტის ქუჩიდან აუხვევს ვარაზის ქუჩაზე, საიდანაც მოძრაობას გააგრძელებს მე-4 მიკრორაიონში და კაპანელის ქუჩაზე, N1 კორპუსის სიახლოვეს გაჩერდება.
გადაღებების პერიოდში, მე-5 მიკრორაიონის მეტროსადგურ „დელისთან“ დასაკავშირებლად ავტობუსის დროებითი მარშრუტი დაინიშნება, რომელიც ვარაზის, ჟღენტის და ნუცუბიძის ქუჩებით გავლით იმოძრავებს. უცვლელი დარჩება N63 და N107 ავტობუსებისა და მიკროავტობუსების მარშრუტები.

გარდა ამისა, 21 სექტემბერს 07:00 საათიდან 10:00 საათამდე მოძრაობა, ასევე მტკვრის მარცხენა სანაპიროზე არსებულ გვირაბში, იალბუზის ქუჩიდან ბარათაშვილის ხიდის მიმართულებით შეიზღუდება.

​გადაღებების პერიოდში კერძო ტრანსპორტი ისნისა და სამგორის რაიონებიდან ბარათაშვილის ხიდისკენ ქეთევან დედოფლის გამზირის გავლით იმოძრავებს.
​რამდენიმე საათით შეიცვლება N31, N44, N80 და N102 ავტობუსების მარშრუტებიც. ისინი ევროპის მოედნიდან მოძრაობას კოტე აფხაზის ქუჩისა და თავისუფლების მოედნის მიმართულებით განაგრძობენ, საიდანაც ბარათაშვილის ქუჩას დაუკავშირდებიან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები