“მშობლების ნებართვის გარეშე არასრულწლოვანთა ასე გასაჯაროვება, დასჯადია” – გორის საკრებულოს დამოუკიდებელ დეპუტატს კანონს ახსენებენ

გორის რესურსცენტრის ხელმძღვანელი ნანა ტერმაკოზაშვილი გორის საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატის ირმა ამბარდნიშვილის სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტს ეხმიანება და დეპუტატის მხრიდან სკოლის მოსწავლეების ბულინგზე საუბრობს.

„შეიძლება ითქვას, რომ საკრებულოს დეპუტატის მხრიდან ადგილი აქვს ბულინგის ფაქტს. აღნიშნული ფორმის ესკიზი შეიმუშავეს თავად მასწავლებლებმა და მშობლებმა. თეთრი წინსაფარი სულ არ ნიშნავს საბჭოთა სიმბოლიკას. მოვუწოდებ ქალბატონ ირმას, შეწყვიტოს ბავშვების, პედაგოგისა და მშობლების მისამართით მსგავსი სახის განცხადებების გაკეთება. ზოგადი განათლების შესახებ კანონის მიხედვით, საჯარო სკოლებში ფორმა დაწესებული არ არის, მაგრამ მასწავლებელს, მშობლებსა და მოსწავლეებს უფლება აქვთ შეიკერონ ისეთი ფორმები, როგორიც მათ მოსწონთ, ეს წმინდად, გემოვნების ამბავია. მთავარია, სასკოლო ფორმაზე რელიგიური სიმბოლიკა არ იყოს დატანილი. ასევე, იძულებითი სახე არ უნდა ჰქონდეს ფორმის ჩაცმას. მე პირადად, მოსწავლეების ფორმებში, რომელიც სოციალურ ქსელში განხილვის საგნად იქცა, საგანგაშოს ვერაფერს ვხედავ“, – თქვა ნანა ტერმაკოზაშვილმა
ამასთან, მე-9 საჯარო სკოლის, მე-3 კლასის დამრიგებელი ხათუნა დემურიშვილი, საკრებულოს დეპუტატს პროფესიული საქმიანობით დაკავებისკენ მოუწოდებს და ამბარდნიშვილს კანონს ახსენებს.
„დაუშვებელია ბავშვების სასკოლო ფორმები საქილიკო გახდეს, მით უმეტეს, საკრებულოს დეპუტატის მხრიდან. სასკოლო ესკიზი მე და ჩემმა მშობლებმა ერთად შევარჩიეთ, მე პირადად ჩემს ბავშვების ფორმაში საბჭოთა კავშირთან ასოციაციას ვერ ვხედავ. მინდა, ვუთხრა ქალბატონ ირმას, რომ თავისი პოლიტიკური შეხედულებებისთვის არასრულწლოვნებს ნუ გამოიყენებს და ასევე, მინდა შევახსენო, რომ მშობლების ნებართვის გარეშე არასრულწლოვანთა ასე გასაჯაროვება კანონით დასჯადია“, – ამბობს კლასის დამრიგებელი ხათუნა დემურიშვილი.

შეგახსენებთ, რომ ირმა ამბარდნიშვილი გორის მე-9 საჯარო სკოლის მე-3 კლასელების სასწავლო ფორმას „საბჭოთა კავშირის“ სიმბოლიკას უწოდებს და სკოლის დირექტორის გადადგომას ითხოვს.
გორის მუნიციპალიტეტის დამოუკიდბელი კანდიდატის ფეისბუქსტატუსი დისკუსიის საგანი გახდა, საზოგადოების ერთმა  ნაწილმა დეპუტატის მხრიდან საჯარო სივრცეში არასრულწლოვანთა განსჯა მწვავედ გააკრიტიკა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები