“მორატორიუმი რა შუაშია, საზოგადოებას უფლება აქვს გაიგოს, რატომ იწყალებს პრეზიდენტი მკვლელებს”

პრეზიდენტმა არ აუხსნა საზოგადოებას, რა ნიშნით გამოარჩია ის მსჯავრდებულები, რომლებიც გაათავისუფლა, – აღნიშნული განცხადება “ევროპული საქართველოს” წევრმა ოთარ კახიძემ პრეზიდენტის ბრიფინგის შემდეგ სალომე ზურაბიშვილის განმარტების საპასუხოდ გააკეთა.
“რა მორატორიუმზეა საუბარი, როცა პრეზიდენტმა არ აუხსნა საზოგადოებას რა ნიშნით გამოარჩია ის მსჯავრდებულები, რომლებიც გაათავისუფლა. საქართველოს ციხეებში სასჯელს იხდის ათასობით პატიმარი, პრეზიდენტმა ხომ მათგან გამოარჩია პირები, რომლებსაც თავისუფლება აჩუქა, რა ნიშნით გამოარჩია, რა კომუნიკაცია და ვისთან არსებობდა. პასუხები არ უნდა გასცეს? აბსოლუტურად სამარცხვინოდ პასუხისმგებლობა არ აიღო მის მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე, არც საზოგადოებას უთხრა რატომ გააკეთა ეს და აბრალებს რაღაც პროცედურებს. მორატორიუმი რა შუაშია? საზოგადოებას უფლება აქვს გაიგოს, რატომ იწყალებს პრეზიდენტი მკვლელებს. პროკურატურამ დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს გამოძიება და უნდა გადამოწმდეს ყველა ამ შეწყალებული პირის, მათი ადვოკატების და ოჯახის წევრების კავშირი პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან, უნდა დადგინდეს ვინ მიიტანა ეს გვარები, რა ნიშნით შეირჩა, ხომ არ იყო ნეპოტისტური კავშირი, ხომ არ არის დანაშაულის ნიშნები. თუ დაფიქსირდა დანაშაულის ნიშნები პარლამენტმა უნდა დაიწყოს იმპიჩმენტი”,- განაცხადა კახიძემ.
შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი შეწყალებაზე მორატორიუმს აცხადებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები