“ნამუშევრები შერეული ტექნიკითაა შესრულებული, რაც ნახატებს მრავალფეროვნებას სძენს” – რეზო ესაძის ნამუშევრები აჭარის ხელოვნების მუზეუმში გამოიფინა

ცნობილი რეჟისორისა და მხატვრის, რეზო ესაძის ნამუშევრების პერსონალური გამოფენის ნახვა აჭარის ხელოვნების მუზეუმში 22 სექტემბრის ჩათვლითაა შესაძლებელი. გამოფენის გახსნაზე მხატვარი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არ იმყოფებოდა, სტუმრებს მხატვრის შვილი, კინოხელოვანი – კონსტანტინე ესაძე მასპინძლობდა.
“მამას ნამუშევრების გამოფენა იყო 1987 წელს, შემდგ ჰქონდა დიდი პაუზა. შემდეგ თბილისში საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, როდესაც მამა 85 წლის გახდა. დღევანდელი გამოფენა კი კინოფესტივალის ფარგლებში გაიმართა, ზვიად ელიზიანისა და გიორგი გოგიბერიძის დახმარებით. რა თქმა უნდა, ამაში დიდი წვლილი შეიტანა ხელოვნების მუზეუმის ადმინისტრაციამ“, – ამბობს კონსტანტინე ესაძე.
ათეულობით ნამუშევარი სხვადასხვა ჟანრშია შესრულებული, აქ მოგხიბლავთ ნახატების თემატიკა და ინდივიდუალურობა. ფერწერული და გრაფიკული ნახატები რეზო ესაძემ სხვადასხვა დროს შექმნა. კონსტანტინე ესაძის თქმით, ყველა მათგანს თავისი ისტორია აქვს.
“ნამუშევრები შერეული ტექნიკითაა შესრულებული, რაც ნახატებს მრავალფეროვნებას სძენს. კონკრეტული თემატიკა არ აქვს გამოყოფილი, მამას ბუნების თავისუფლება კარგად ჩანს ნამუშევრებში. აქ შეხვდებით როგორც პეიზაჟებს, ასევე პორტრეტებს, ნატურმორტებს. ნახატების სათაურებს თუ დააკვირდებით მასში დიდი ფანტაზიაა ჩადებული“, – აღნიშნავს კონსტანტინე ესაძე

დამთვალიერებელთა შორის ხელოვნებათმცოდნე ოლიკო ჟღენტიც იყო, რომელმაც რეზო ესაძის შემოქმედების გენიალურობაზე ისაუბრა.
“პირადად ვიცნობ ბატონ რეზოს და ვიცი მისი სამყარო, რომელიც საკმაოდ ღრმა და მრავალფეროვანია. არის ფანტასტიკაც, ექსცენტრიკულიც, პოეტურიც – რაც მიანიშნებს ავტორის ხასიათზე. შემთხვევითი არ არის, რომ ბატონი რეზო შეეჭიდა რთულ კინოპროექტს, ეს არის ,,გალაკტიონ ტაბიძე“, რომელსაც დიდი ხანია იღებს. ეს თავისებური ავანწიურაა, დარწმუნებული ვარ აუცილებლად ძალიან მალე დაასრულებს ამ პროექტს“, – აღნიშნავს “კვირასთან” საუბრისას ხელოვნებათმცოდნე ოლიკო ჟღენტი
ცნობისთვის, რეზო ესაძე ღირსების ორდენის კავალერი, საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე, შოთა რუსთაველის სახელობის პრემიის ლაურეატი, რესპუბლიკური, საკავშირო და საერთაშორისო ფესტივალების პრიზიორი, კემბრიჯისა და ვაშინგტონის საერთაშორისო კატალოგების საპატიო ორდენის მფლობელი, საქართველოსა და რუსეთის მხატვართა და კინემატოგრაფისტთა კავშირების წევრია.
გადაღებული აქვს 11 ფილმი: “ჭერი ანუ დაუმთავრებელი ფილმის მასალა“, “ნეილონის ნაძვის ხე”, “საქორწილო საჩუქარი”, “წისქვილი ქალაქის გარეუბანში”; “ერთი ნახვით შეყვარება” და სხვა.
შესრულებული აქვს 10 მთავარი და არაერთი ეპიზოდური როლი სხვადასხვა ფილმში.
ესაძის პერსონალურ გამოფენებს სხვადასხვა დროს მასპინძლობდა თბილისი, მიუნხენი, ჟენევა, თელ–ავივი… მისი ნამუშევრები ინახება პირად და სამუზეუმო კოლექციებში. 1975 წლიდან ეწევა პედაგოგიურ მოღვაწეობას. 2001 წელს გამოაქვეყნა ლექსების პირველი კრებული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები