ვლადიმერ იმნაძემ უწყების რეგიონული სამმართველოების უფროსებთან და ადგილობრივ ვეტერანებთან შეხვედრები გამართა

0

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, ვლადიმერ იმნაძე, უწყების რეგიონული მართვის დეპარტამენტის უფროსთან, ნუგზარ კაიშაურთან და უსაფრთხოების სამსახურის უფროსთან, ილიას რიზაევთან ერთად, 9-15 სექტემბერს, დასავლეთ საქართველოში, კერძოდ, რაჭა-ლეჩხუმში, იმერეთში, სამეგრელო-ზემო სვანეთში, აჭარასა და გურიაში იმყოფებოდა. მან რეგიონული სამმართველოების უფროსებთან და ადგილობრივ ვეტერანებთან შეხვედრები გამართა და უწყების ბენეფიციარებისათვის აქტუალურ თემებზე ისაუბრა. როგორც “კვირას” ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურიდან აცნობეს, ამბროლაურში, ქუთაისში, ზუგდიდში, ოზურგეთსა და ბათუმში შეხვედრების დროს, ვლადიმერ იმნაძემ კანონი თავდაცვის ძალების რეზერვისა და სამხედრო -სარეზერვო სამსახურის შესახებ და კანონი სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ განიხილა, რომლებიც ამ სფეროებში ვეტერანთა ფართო ჩართულობას გულისხმობს.
ვლადიმერ იმნაძემ შეხვედრები ბათუმის მუნიციპალიტეტის ვიცე-მერთან, ლელა სურმანიძესთან, ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განათლების, კულტურის, ტურიზმისა და სპორტის საკითხთა კომისიის თავმჯდომარესთან, ირაკლი პატარიძესთან, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერთან, კონსტანტინე შარაშენიძესა და საკრებულოს თავმჯდომარესთან, დავით დარჩიასთან გამართა. უწყების დირექტორმა მათ ვეტერანთა სოციალური და ჯანდაცვის კუთხით გაწეული მუშაობისთვის მადლობა გადაუხადა. მხარეებმა, ასევე, სამომავლო გეგმებსა და ერთობლივ პროექტებზე იმსჯელეს, რომლებიც ვეტერანთა სოციალური და ეკონომიური პრობლემების მოგვარებას შეუწყობს ხელს.
ნუგზარ კაიშაური და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის აჭარის ა/რ სამმართველოს უფროსი, შოთა ყიფიანი ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორს, მერაბ ხალვაშს შეხვდნენ და ვეტერანთა შვილებისთვის, საგადასახადო შეღავათების დაწესებაზე, აჭარის განათლების სამინისტროს პროგრამებზე და სამომავლოდ დაგეგმილ ცვლილებებზე ისაუბრეს. მერაბ ხალვაშმა სტუმრებს მხარდაჭერა აღუთქვა.

კომენტარები

კომენტარი