ბეჟან ლორთქიფანიძე: ბრალდება აბსურდულია, ჩემი მოტივაცია იყო არა პარლამენტში შესვლა, არამედ ადამიანების დაცვა

ჩემი მოტივაცია იყო არა პარლამენტში შესვლა, როგორც უნდათ რომ წარმოაჩინონ, არამედ იმ ადამიანის დაცვა, რომელსაც პოლიცია კორდონის შიგნით ითრევდა, – ამის შესახებ 20-21 ივნისის საქმეზე ბრალდებულმა, სახეობათა კონსერვაციის სამეცნიერო-კვლევით ცენტრ „ნაკრესის“ გამგეობის წევრმა, ბეჟან ლორთქიფანიძემ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ბეჟან ლორთქიფანიძის საქმის განხილვა საქალაქო სასამართლოში ხვალ იწყება. როგორც ლორთქიფანიძე აცხადებს, მის მიმართ წარდგენილი ბრალდება აბსურდულია.
„სამართლებრივი პროცესი იწყება, ჩვენ შევეცდებით, დავამტკიცოთ ჩემი უდანაშაულობა. ვფიქრობ, ბრალდება, რაც წარდგენილია პროკურატურის მიერ, არის აბსურდულია. ამას ჩვენ სასამართლოში დავამტკიცებთ, ეს იქნება ქართული სასამართლო, თუ მოგვიწევს სხვა სასამართლოში სამართლის ძიება.
რაც შეეხება ფართან დაკავშირებით ეპიზოდს, ეს ფარი ეგდო რუსთაველზე, იმის შემდეგ რაც მოვიწამლე პოლიციის მიერ ნასროლი გაზით, გამიჩნდა ბუნებრივი განცდა, რომ დამეცვა ჩემი თავი, ასევე დამეცვა ის ხალხი, რომლებსაც პოლიცია დაუნდობლად ესროდა რეზინის ტყვიებს, გაზს. ამ მოტივაციით ავიღე ფარი, დავდექი იმ რიგებში, ვიდექით მშვიდობიანად, სანამ არ დაიწყეს იმ მოქალაქეების შეთრევა კორდონის იქით, რომლებიც არათუ აგრესიულად იქცეოდნენ, პირიქით, აწყნარებდნენ ხალხს და სიმშვიდისკენ მოუწოდებდნენ. ამ ხალხს ითრევდნენ კორდონის შიგნით და ამან გამოიწვია ჩემში უსამართლობის გრძნობა. მესამე კაცი, რომელიც შეითრიეს, შევეცადეთ, გადაგვერჩინა, გამოგვეყვანა. სწორედ ამ დროზე ხდება ფარის ფარზე მირტყმა. ჩემი მოტივაცია იყო არა პარლამენტში შესვლა, როგორც უნდათ რომ წარმოაჩინონ, არამედ იმ ადამიანის დაცვა, რომელსაც პოლიცია ითრევდა კორდონის შიგნით.
როდესაც გავრილოვი ვნახე პარლამენტის თავმჯდომარის სკამში, ეს იყო ძალიან აღმაშფოთებელი ფაქტი, ვფიქრობდი, რომ ჩვენი ქვეყნის დე ფაქტო ოკუპაცია მოხდა. აქედან გამომდინარე, თავი ვალდებულად ვიგრძენი, წავსულიყავი და პროტესტი გამომეხატა. აქციაზე ვიდექი გარკვეული დროის განმავლობაში და შემდეგ წავედი , ჩავთვალე რა, რომ ჩემი მოვალეობა მოვიხადე პროტესტის გამოხატვის ამ ფორმით. შემდეგ ტელევიზორში ვნახე, როგორ დაიწყეს დარბევა, ჩემი მოტივაცია იყო, წავსულიყავი და დავხმარებოდი იმ ხალხს, რომელთა დარბევაც ასე სასტიკად ხდებოდა. რამდენჯერმე გაზით მოვიწამლე. თავში რეზინის ტყვიაც მომხვდა“- განაცხადა ლორთქიფანიძემ.
ბეჟან ლორთქიფანიძის თქმით, ის უერთდება აქციას, რომელიც დღეს 15:00 საათზე საქალაქო სასამართლოს ეზოში 20-21 ივნისის საქმეზე დაკავებულთა მხარდასაჭერად იგეგმება.
„ვფიქრობ, ჩემი და 20 ადამიანის დაკავება პოლიტიკურად მოტივირებული პროცესია. მთავრობა და პროკურატურა გვსჯის იმისთვის, რომ აქტიურად ვიყავით ჩართულები საპროტესტო აქციაში. ის ხალხი, რომლებიც დაკავებულია, ვფიქრობ, უკანონოდ არის დაკავებული და მათ სრულ მხარდაჭერას ვუცხადებ . ვუერთდები იმ აქციას, რომელიც დღეს 15:00 საათზეა დაანონსებული“- განაცხადა ლორთქიფანიძემ.
ბეჟან ლორთქიფანიძის დაცვის მხარე ხვალინდელ სასამართლო პროცესზე დევნის შეწყვეტის შესახებ შუამდგომლობას დააყენებს.
ამის შესახებ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე ლორთქიფანიძის ადვოკატმა ბექა ბასილაიამ განაცხადა. მისი თქმით, დაცვის მხარეს მტკიცებულებად წარდგენილი აქვს უწყვეტი ვიდეომასალა, სადაც ჩანს, როგორ ვითარდებოდა მოვლენები. ადვოკატი აცხადებს, რომ ბეჟან ლორთქიფანიძის ამოცანა სპეცრაზმელზე ძალადობა კი არ ყოფილა, არამედ ცდილობდა, დაეცვა აქციის ის მონაწილეები, რომლებსაც დაუდგენელი პირები პოლიციის კორდონში მიათრევდნენ.
შეგახსენებთ, ბეჟან ლორთქიფანიძე 20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე 25 ივლისს ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობის ბრალდებით დააკავეს. საქალაქო სასამართლომ ბრალდებულს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. 10 აგვისტოს ბეჟან ლორთქიფანიძე პატიმრობიდან გაათავისუფლეს.
ლორთქიფანიძის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახე – პატიმრობა 5 ათას ლარიანი გირაოთი შეიცვალა. აღკვეთის ღონისძიების შეცვლაზე პროკურატურამ სასამართლოს მას შემდეგ მიმართა, რაც ადვოკატებმა პროკურატურას ბეჟან ლორთქიფანიძის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დოკუმენტაცია წარუდგინეს.
ბეჟან ლორთქიფანიძე საქართველოს ბუნების მკვლევარია. მის სახელს უკავშირდება: 2003 წელს საქართველოში დიდი ხნის გადაშენებულად მიჩნეული ლეოპარდის აღმოჩენა; საქართველოში პირველად განხორციელებული დათვისა და მგლის ტელემეტრიული კვლევები; მსოფლიოში პირველად ჯიხვის სატელიტური რადიო-საყელოების მეშვეობით კვლევა. ლორთქიფანიძემ 2015 წლის 13 ივნისის წყალდიდობისას ზოოპარკიდან გამოქცეული ბეჰემოთი, სახელად ბეგი, დააძინა.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები