პროფესიული მომზადების მსურველთა რეგისტრაცია, 20 სექტემბრამდე გრძელდება, სწავლა კი, 25 სექტემბერს დაიწყება
პროფესიული მომზადება-გადამზადების კურსების გავლის მსურველთა რეგისტრაცია, 20 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება, სასწავლო პროცესი კი, 25 სექტემბერს დაიწყება, – ამის შესახებ სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციაშია აღნიშნული.
მათივე ცნობით, პროფესიულ კურსებზე სწავლის მსურველებს სააგენტო ვაუჩერს გადასცემს, რომლის მაქსიმალური ღირებულება 1000 ლარს, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის კი 1500 ლარს შეადგენს. მოკლევადიანი კურსები 2-დან 4 თვემდე გრძელდება.
“მომზადება-გადამზადების პროგრამები შრომის ბაზრის თვისობრივი კვლევის საფუძველზე შემუშავდა, რომელმაც 41 მოთხოვნადი პროფესია გამოავლინა. მოთხოვნად პროფესიებს შორისაა: გიდი, კონდიტერი, სასტუმრო საქმის სპეციალისტი, შემდუღებელი, მცენარეთა დაცვის ტექნიკოსი, ბარმენი, ვებ-პროგრამისტი, ბაგა-ბაღის აღმზრდელი და სხვ.
მოკლევადიანი კურსების გავლა, საქართველოს მასშტაბით, 24, როგორც სახელმწიფო ისე კერძო, აკრედიტირებულ პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაშია შესაძლებელი.
პროფესიული მომზადება-გადამზადების კურსების გავლის მსურველთა რეგისტრაცია 12 სექტემბრიდან დაიწყება და 20 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება. სასწავლო პროცესი კი, 25 სექტემბერს დაიწყება.
სამუშაოს მაძიებელმა, რეგისტრაციისთვის, საცხოვრებელი ადგილის შესაბამისად, სოციალური მომსახურების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურს უნდა მიმართოს. სწავლის დასაფინანსებლად სპეციალურ ვაუჩერებსაც სააგენტოს ტერიტორიული სამსახურები გასცემენ.
პროგრამის სამიზნე ჯგუფს 16 წლის ზემოთ, შრომითი ქმედუნარიანობის მქონე საქართველოს მოქალაქეები, საქართველოში მუდმივი ბინადრობის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირები და ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სოციალური მომსახურების სააგენტოს სტატუსის მქონე პირები წარმოადგენენ”, – აღნიშნულია სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.