გიორგი ჭიღვარია: განათლება ჩვენი პრიორიტეტი და მთავარი იარაღია, რომელიც ჩვენი ქვეყნის საწინდარი იქნება

ქუთაისის სკოლებში, ისევე როგორც საქართველოს ყველა საჯარო სკოლაში სწავლის პროცესი განახლდა. წმინდა ნინოს სახელობის მესამე საჯარო სკოლაში სწავლის დაწყება ამ სკოლის კურსდამთავრებულმა ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ, ქუთაისის საგანმანათლებლო რესურსცენტრის დირექტორ მაია ცქიტიშვილთან ერთად, მოსწავლეებს მიულოცა.

„პირველ რიგში, სრულიად საქართველოს, ყველა მოსწავლესა და მასწავლებელს მინდა მივულოცო სწავლის დაწყება და წარმატება ვუსურვო მათ. განათლება არის ჩვენი პრიორიტეტი, მთავარი იარაღი, რომელიც ჩვენი ქვეყნის საწინდარი იქნება“, – განაცხადა გიორგი ჭიღვარიამ.

სწავლის პროცესის დაწყება ქუთაისის მესამე საჯარო სკოლამ საზეიმო ვითარებაში აღნიშნა.

„სრულიად საქართველოს ვულოცავ ახალი სასწავლო წლის დაწყებას, განსაკუთრებით ვულოცავ ჩემს ქუთათურებს, ბედნიერი წელი ჰქონოდეთ, იმ სიახლეებით, რომლებიც განათლების სისტემაშია დანერგილი. პრიორიტეტად გვაქვს განათლება და ჩვენი მხრიდან ყველაფერი მაქსიმალურად იქნება შესრულებული“,- განაცხადა ცქიტიშვილმა.

მოსწავლეებისა და მშობლების სადღესასწაულო განწყობა იგრძნობოდა ქუთაისის პირველ საჯარო სკოლაშიც, სადაც საზეიმო დახვედრა მოუწყეს პირველკლასელებს და ამ ფორმით მიულოცეს ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლა.

პირველი საჯარო სკოლა თავისებური მემორიალია იმ მრავალრიცხოვანი შემოქმედი ტალანტებისა, რომლებმაც ქართულ კულტურას, ლიტერატურასა და ხელოვნებას სახელი შორს გაუთქვეს. ამ სასწავლებელში სწავლობდნენ: აკაკი წერეთელი, ნიკო ნიკოლაძე, კირილე ლორთქიფანიძე, სერგეი მესხი, დიმიტრი ნაზარიშვილი, გიორგი ზდანოვიჩი, ალექსანდრე წულუკიძე, ექვთიმე თაყაიშვილი, ნიკო მარი, აკაკი შანიძე, შალვა ნუცუბიძე, სილოვან ხუნდაძე, იოსებ ოცხელი, იუსტინე ჯანელიძე, დიმიტრი უზნაძე, სიმონ ყაუხჩიშვილი, ანგია ბოჭორიშვილი, ტიციან ტაბიძე, პაოლო იაშვილი, დავით კაკაბაძე, ნიკო ლორთქიფანიძე, ლეო ქიაჩელი, კოტე მესხი, შალვა ღამბაშიძე, უშანგი ჩხეიძე, ვასილ კიკვიძე, აკაკი ხორავა და სხვა.

საჯარო სკოლების გარდა სწავლა უმაღლეს სასწავლებლებშიც დაიწყო.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები