გიორგი გახარია ანაკლიის პორტზე: არ არის კარგი, რომ ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი სტრატეგიული პროექტი ხდება პოლიტიკური ჭორაობის საგანი

არ არის კარგი, რომ ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი სტრატეგიული პროექტი ხდება პოლიტიკური ჭორაობის საგანი, – ასე გამოეხმაურა საზოგადოებრივი მოძრაობა “ლელოს” დამფუძნებლის მამუკა ხაზარაძის ბრალდებებს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია.
როგორც გახარიამ აღნიშნა, პროექტი რომ წარმატებით განხორციელდეს, მას სჭირდება პასუხისმგებლიანი, სერიოზული კერძო ინვესტორები.
“ბევრ საოცარ რამეს ამბობს ხოლმე ბატონი ხაზარაძე ამ ბოლო დროს. წერილი, ოქმი, მოიტანოს ეს ოქმი. ერთი რამე მინდა ვთქვა, არ არის კარგი, რომ ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი სტრატეგიული პროექტი ხდება პოლიტიკური ჭორაობის საგანი. ანაკლია ეკუთვნის ქვეყნის განვითარებას და ყველა განსაკუთრებული ყურადღებით უნდა მოექცეს ქვეყნისთვის მნიშვნელოვან პროექტს. ეს პროექტი რომ წარმატებით განხორციელდეს, მას სჭირდება პასუხისმგებლიანი, სერიოზული კერძო ინვესტორები, რომლებიც სამწუხაროდ არ გვყავს, სახელმწიფო ყოველთვის უჭერდა ამ პროექტს მხარს და დაუჭერს”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
ცნობისთვის, მამუკა ხაზარაძის თქმით, ყველაფერი იქით მიდის, რომ ანაკლიის პროექტის კონტრაქტი გაწყდეს.
“ყველაფერი იქით მიდის, რომ კონტრაქტი გაგვიწყვიტონ. 12 სექტემბერს მაია ცქიტიშვილმა ჩვენი ინვესტორები, რომლებთან მოლაპარაკებაც თითქმის დასრულებულია, პრაქტიკულად ოთახიდან გამოაგდო. კიდევ კარგი, მე და ბადრი ჯაფარიძე არ ვესწრებოდით იმ შეხვედრას, თორემ ჩვენ დაგვბრალდებოდა. ცქიტიშვილმა პირდაპირ უთხრა, თქვენნაირი ინვესტორი არ გვჭირდებაო. ინგლისისა და ჰონკონგის წარმომადგენლები იყვნენ. მეტ დეტალზე ამ ეტაპზე ვერ ვისაუბრებ”, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები