სკოლამდელ დაწესებულებებში სააღმზრდელო პროცესი აჭარაშიც განახლდა

დღეს სააღმზრდელო პროცესი აჭარის თითქმის ყველა საჯარო ბაღში განახლდა. ამ ეტაპზე მხოლოდ 4 სააღმზრდელო დაწესებულება არ არის მზად სკოლამდელი ასაკის ბავშვების მისაღებად.

ბათუმის საბავშვო ბაღების გაერთიანების დირექტორის თქმით, მე-5 და 27-ე სკოლამდელ დაწესებულებებში მიმდინარეობს სარემონტო სამუშაოები, რომელიც უახლოეს პერიოდში დასრულდება.
“ყველა საბავშვო ბაღის აღსაზრდელს ვულოცავ სააღმზრდელო პროცესის დაწყებას. მე დღეს რამდენიმე ბაღი მოვინახულე და ეს დღე პირადად მივულოცე ბავშვებსა და საბავშვო ბაღების აღმზრდელებს. ბათუმის სააღმზრდელო დაწესებულებები მზად არის პატარების მისაღებად, თითქმის ყველა მათგანში არის შესაბამისი ინფრასტრუქტურული გარემო. ბაღებში შეტანილია სამზარეულოსთვის ახალი ინვენტარი და ბავშვებისთვის სათამაშოები. ორი ბაღის სარეაბილიტაციო სამუშაოებიც პირველ სემესტრამდე დასრულდება, სამწუხაროდ, ამ მიზეზის გამო, ბათუმის მე-5 და 27-ე ბაღმა აღსაზრდელები ვერ მიიღო“, – აღნიშნა ბათუმის ბაღების გაერთიანების დირექტორმა, მამუკა შამილიშვილმა.
წელს სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულება სრულად დაასრულა 2 577-მა ბავშვმა, შესაბამისად ამდენივე მცირეწლოვანი მიიღო საბავშვო ბაღების გაერთიანებამ. უწყებაში აცხადებენ, რომ ბაღს მიღმა დარჩენილი ბავშვებიდან, შესაძლოა, რამდენიმე მათგანი მობილობისა და ჯგუფებში გადანაწილების შემდეგ მიიღონ.
“წლებია პრობლემაა ბაღში ბავშვის დარეგისტრირება, ქალაქში ბევრი რეგიონიდან ჩამოსული ცხოვრობს და ცხადია, სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებაში შვილის მიყვანა ყველას უნდა. ბათუმის ბაღში ისეთი გარემოა, მშობლებიც მშვიდად ვართ, ადაპტირებულია, მოწესრიგებული ინფრასტრუქტურაა, დაბალანსებული კვება, ამიტომაც არის ამხელა მოთხოვნა საბავშვო ბაღებზე“- ამბობს ერთ-ერთი აღსაზრდელის მშობელი ნანა მელაძე
ამ ეტაპზე ბათუმში 34 ბაღია, კიდევ ერთი #35 ბაღის მშენებლობა დაწყებულია, რომლისთვისაც ბიუჯეტიდან 2 მილიონამდე ლარია გამოყოფილი. მშენებლობა 2020 წელს უნდა დასრულდეს.
2019 წლის სასწავლო სეზონს ქედის მუნიციპალიტეტიც ახალი საბავშვო ბაღით შეხვდა. აღსაზრდელები სოფელ ზუნდაგის საბავშვო ბაღში თანამედროვე ტიპის შენობაში ისწავლიან. თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საბავშვო ბაღი აღჭურვილია საცურაო აუზითაც. მრავალფუნქციური შენობის მშენებლობის ბიუჯეტი კი 760 564 ლარია. სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებაში 42 აღსაზრდელი ირიცხება, მათ შორის 23 პირველად ისარგებლებს საგანმანათლებლო სერვისებით. ბაღი აღსაზრდელებთან ერთად ქედის მერმა – ლევან გორგილაძემ გახსნა და პატარებს, მშობლებსა და პედაგოგებს ახალი სასწავლო წელი მიულოცა.
“სკოლამდელი განათლების ხელშეწყობა ქედის მუნიციპალიტეტის პრიორიტეტია. წელს 2 სკოლამდელ დაწესებულებას – პირველი მაისისა და ახოს საბავშვო ბაღებს უტარდება რეაბილიტაცია. ამ ბაღებში სასწავლო წელი ოქტომბერში დაიწყება“, -განაცხადა ლევან გორგილაძემ
“სასიხარულოა ის ფაქტი, რომ ქედაში პრიორიტეტულია ბაღების მშენებლობა. ბავშვებიც სიხარულით მოდიან, აქ იმდენი სათამაშოა, არაჩვეულებრივი აღმზრდელები, მადლობა მინდა გადავუხადო ამისთვის ქედის მერს“, – ამბობს ერთ-ერთი აღსაზრდელის ბებია, დოდო დიასამიძე.
ქედის მუნიციპალიტეტის 15 საბავშვო ბაღიდან, სასწავლო პროცესი 13-ში განახლდა. საერთო ჯამში რეგისტრირებულია 650 აღსაზრდელი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები