“ლეჩხუმელი დიასახლისი”, ეთნოგრაფიული სახლი და 200-მდე აღდგენილი ტრადიციული კერძი

სოფელ ნასპერში, ცაგერში, ენერგიულმა და თავის სოფელზე უსაზღვროდ შეყვარებულმა პედაგოგმა, სამი შვილის მარტოხელა დედამ, ხათუნა ღურჭუმალიძემ საინტერესო საქმე წამოიწყო – გადაწყვიტა მრავალფეროვანი ლეჩხუმური სამზარეულოს ძველი, მივიწყებული კერძები აღედგინა და ეთნოკულინარიული სახლი – „ერთხელ ნასპერში“ გაეკეთებინა. ძველ ლიტერატურას ჩაუჯდა, მეზობლის ხანდაზმული ქალები მოძებნა, რეცეპტები ჩაიწერა, თავის ბაღ-ბოსტნებში, რომელიც სახლს ირგვლივ აკრავს, მივიწყებული სანელებლები დათესა, მოიყვანა, ჩრდილში გააშრო,ხელით დაამუშავა და ათასგვარი აჯიკა, ბებიას მარილი, ნიგვზის ზეთი, ტყემალი და უამრავი ნუგბარი ძველი, ეთნოგრაფიული იერის შენარჩუნებითა და ხერხით დაამზადა.

უამრავ აგროფესტივალზე, გამოფენაზე, კულინარიულ საღამოზე მიიწვიეს, ჯანსაღი, თიხის ჭურჭლის, ყველის შესანახი ხალამის, თეფშების (ეკოლოგიურად სუფთა, რომელსაც მასთან მისული ტურისტები ითხოვენ ხოლმე, არადა, შვედები, გერმანელები, უკრაინელები ხშირად ადიან ხოლმე) შესაძენად.

პროექტი გააკეთა, საქართველოს ფერმერ ქალთა ასოციაციას წარუდგინა და დაუფინანსეს, პროექტს „ეთნოკულინარიული სახლი -ერთხელ ნასპერში” ჰვია.

სამომავლოდ დიდი გეგმები აქვს, ბოთლებში ლეჩხუმური წესით შემზადებულ ტყემალს, აჯიკას, ზეთს დაამზადებს ეტიკეტებით, ყველა პროდუქტს ეზოშივე მოიყვანს და მასთან მისულ სტუმრებს აბსოლუტურად ჯანსაღი კვების პროდუქტებით გაუმასპინძლდება.

“განა სხვაგან ვერ შევძლებდი მეცხოვრა? მე აქ მასწავლებელიც ვარ, შვილები, დედა აქ მყავს. საოცრად მიყვარს აქაურობა და ვიცი, რომ სოფელი დაკარგული სამოთხეა დედამიწაზე და ჩემი სამოთხეც ესაა”,- ამბობს ლეჩხუმელი დიასახლისი.

მარინე სვანიძე

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები