არჩილ თალაკვაძე: გავითვალისწინეთ განწყობები და მივიღეთ გადაწყვეტილება, პროპორციული არჩევნები 2020 წელს ჩავატაროთ ნულოვანი ბარიერით

“ქართულმა ოცნებამ“ განახორციელა საკონსტიტუციო რეფორმა და დღეს საქართველოს აქვს ეროვნულ ღირებულებებზე დაფუძნებული, ევროპული სტილის კონსტიტუცია, რომელიც უზრუნველყოფს ჩვენი ქვეყნის გრძელვადიან განვითარებას”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ რუსთავში, საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვისას განაცხადა.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, მმართველ გუნდს პროპორციული არჩევნების სისტემაზე გადასვლა 2024 წელს ჰქონდა დაგეგმილი, თუმცა ოპოზიციისა და საზოგადოების მოთხოვნის გათვალისწინებით, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები უკვე პროპორციული წესით ჩატარდება.
“წინა ხელისუფლებამ არაერთხელ შეცვალა კონსტიტუცია და მოარგო თავის საჭიროებებს, მაგრამ ჩვენ დღეს გვაქვს კონსტიტუცია, რომელიც რეალურად, ქვეყნის ინტერესებზეა მორგებული და მისი შეცვლაც მომავალში ხშირად შესაძლებელი ვეღარ იქნება, ვინაიდან სჭირდება მაღალი კვორუმი. ახლა გვაქვს შანსი, გარდამავალ დებულებაში შევიტანოთ ცვლილება, პროპორციული არჩევნების თარიღთან დაკავშირებით, ხაზს ვუსვამ თარიღთან დაკავშირებით, რადგან სწორედ ერთი წლის წინ, როდესაც შევცვალეთ კონსტიტუცია, მაშინვე მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ საქართველო გადავიდოდა პროპორციული არჩევნების სისტემაზე. ამისთვის იყო განსაზღვრული 2024 წელი, ანუ ჩვენ ვთვლიდით, რომ 2024 წელს უნდა მომხდარიყო პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა, ჩვენ გვქონდა არგუმენტები. ეს არგუმენტები დღესაც არსებობს, თუმცა თქვენი მოთხოვნით, ჩვენი ახალგაზრდების გულწრფელი პროტესტის შედეგად, სამოქალაქო საზოგადოების აზრის გათვალისწინებით, პოლიტიკური ოპოზიციის მოთხოვნით, ჩვენ, როგორც დემოკრატიულმა პოლიტიკურმა ძალამ, გავითვალისწინეთ ეს განწყობები და მივიღეთ დემოკრატიული გადაწყვეტილება – პროპორციული არჩევნები 2020 წელს ჩავატაროთ ნულოვანი ბარიერით“,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

​შეგახსენებთ, რუსთავში პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებული საკონსტიტუციო კანონის პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვა მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები