პრეზიდენტი: ჯიღაურას მრავალწლოვანი კულტურების ცენტრში მოვიყვან ყველა უცხოელ სტუმარს, რათა ნახონ, რა შესაძლებლობები აქვს საქართველოს

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ჯიღაურას მრავალწლოვანი კულტურების საცდელ-სადემონსტრაციო ბაზას ესტუმრა და ვირუსოლოგიის ლაბორატორიის მუშაობის სპეციფიკას გაეცნო, მან ბაზაზე გაშენებული ვაზის საკოლექციო ნაკვეთიც დაათვალიერა.
80 ჰექტარზე გაშენებული სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ექსპერიმენტულ ბაზაზე განთავსებულია მეხილეობისა და მევენახეობის მიმართულების საკოლექციო ნაკვეთები. ეს არის საქართველოში ერთადერთი ადგილი, სადაც 450 ქართული ადგილობრივი ვაზის ჯიში და 350 საზღვარგარეთიდან ჩამოტანილი სახეობებია გაშენებული.
ცენტრში  სელექციური სამუშაოები ტარდება, მეღვინეობის ბაზაზე კი მეღვინეები 100-150 სხვადასხვა ჯიშისგან ღვინოებს ამზადებენ. კოლექციების მოძიება და მოშენება 2007 წლიდან დაიწყო. 2014 წელს კი  კვლევითი ცენტრი შეიქმნა. პროექტს 2007 წლიდან ბანკი “ქართუ” ახორციელებდა, 2014 წელს კი იგი სახელმწიფოს გადაეცა.
​პრეზიდენტმა ვირუსოლოგიის ლაბორატორიის ინფრასტრუქტურა დაათვალიერა და დაგეგმილი დიაგნოსტიკური კვლევების შესახებ ინფორმაცია სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლებისაგან მიიღო.
სალომე ზურაბიშვილმა ცენტრის ფუნქციონირებას უმნიშვნელოვანესი უწოდა და აღნიშნა, რომ ქვეყნის სოფლის მეურნეობის  პოტენციალის განვითარებაში მას უდიდესი წვლილი შეაქვს.
“ცენტრის ფუნქციონირება მნიშვნელოვანია სოფლის მეურნეობისა და ვაზის კულტური განვითარებისათვის.  როცა ქვეყანას ვაზის  უძველესი 500-ზე მეტი ენდემური ჯიში გააჩნია და მისი უმეტესობა აღდგენილია, ეს უდიდესი სიმდიდრე და მეღვინეობის განვითარების უდიდესი პოტენციალია.
მომავალ კვირას გაერო-ში მივდივარ და ერთ- ერთი ღონისძიება,  რომელშიც ასევე მივიღებ მონაწილეობას, კლიმატის კონფერენციაა, სადაც მინდა, წარვადგინო ჩვენი ქვეყნის უდიდესი უპირატესობა – ენდემური ჯიშების მრავალფეროვნება.
საქართველოში წარმოიშვა არა მხოლოდ ვაზის, არამედ ხორბლისა და სხვადასხვა მცენარეების ენდემური ჯიშები. ამის შენარჩუნება და განვითარება ჩვენი ქვეყნის პოტენციალის განვითარება და გაძლიერებაა.
ამ ცენტრში მოვიყვან  ყველა უცხოელ სტუმარს, რათა ნახონ, რა შესაძლებლობები აქვს საქართველოს”, – აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.
პრეზიდენტს კვლევით ბაზაზე სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა, მცენარეთა ინტეგრირებული დაცვის კვლევის სამსახურის უფროსმა, ზურაბ ხიდაშელმა და სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორმა, ლევან უჯმაჯურიძემ უმასპინძლა

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები