“სიტუაციას არ გავერიდე და პირიქით წინ წავიწიეთ, ამ დროს მომხვდა რეზინის ტყვია”- ინტერვიუ 20 ივნისის ღამეს დაშავებულ აქციის მონაწილესთან

20 ივნისს პარლამენტის წინ გამართულ საპროტესტო აქციაზე ასზე მეტი ადამიანი დაშავდა მათ შორის იყვნენ, როგორც აქციის მონაწილეები, ასევე სამართალდამცველები და ჟურნალისტები. ერთ-ერთი დაშავებული 22 წლის, გორში მცხოვრები ლუკა პეტრიაშვილია. პეტრიაშვილი ამ დრომდე, მედიასთან არ საუბრობდა. დუმილი მან “კვირასთან” დაარღვია და საკუთარ ამბავს პირველად, სწორედ “კვირას” მკითხველს უამბობს.

20 ივნისს ე.წ “გავრილოვის ღამეს” 22 წლის ლუკას რეზინის ტყვია ყბა -სახის არეში მოხვდა . მიღებული დაზიანების სირთულიდან გამომდინარე საქართველოში ჩაუტარდა რამდენიმე ოპერაცია, თუმცა მისი ისრაელში გადაყვანა და მკურნალობის იქ გაგრძელება მაინც საჭირო გახდა.

-როგორ მოხვდით 20 ივნისის ღამეს პარლამენტის შენობის წინ გამართულ აქციაზე?
-22:00 საათზე მორჩი სამსახურს, გავედი სახლში და სოციალურ ქსელში ვნახე, რომ რუსთაველის გამზირზე აქცია მიმდინარეობდა, აპროტესტებდნენ რუსული დელეგაციის პარლამენტში მისვლას და გავრილოვის პარლამენტის სკამზე აღმოჩენას. ჩემს მეგობარს დავურეკე და ვუთხარი წავსულიყავით აქციაზე. ჩემთვის როგორც გორელისთვის ორმაგად მტკივნეული იყო რუსი დეპუტატების საქართველოს პარლამენტში დანახვა, მახსოვს 2008 წლის აგვისტოს ომის საშინელება.როგორც მოქალაქე მივედი ამ ყველაფრის გასაპროტესტებლად.
-როდესაც მიხვედით რუსთაველის გამზირზე რა სურათი დაგხვდათ?
– დაახლოებით 12 საათი იყო მე და ჩემი მეგობარი, რომ მივედით. სიტუაცია ჩაწყნარებულო იყო. თუმცა მოულოდნელად დაიწყო გაზის გაშვება და რეზინის ტყვიების სროლა, სწორედ ამ მოვლენებში მოვყევი მეც. პარლამენტის შენობის მარცხენა მხარეს ვიდექი, რეზინის ტყვიებით დაშავებული ბიჭები გამომყავდა, როდესაც ერთ-ერთი დაშავებული გავარიდე სიტუაციას, მაშინ მომხვდა მე რეზინის 6 ტყვია. ამის შემდეგ სიტუაციას არ გავერიდე და პირიქით წინ წავიწიეთ მე და ჩემი ძმაკაცი. ამ დროს მომხვდა სახის არეში , კონკრეტულად ყბის არეში. სასწრაფოდ გადამიყვანეს საავადმყოფოში. ჩამიტარდა ოპერაცია, ჩამიდგეს მეტალის ფირფიტა და აღმიდგა სახის სტრუქტურა.
– საქართველოს შემდეგ, ისრაელის კლინიკაშიც ჩაგიტარდათ რამოდენიმე ოპერაცია, იქ გადიოდით რეაბილიტაციის კურსს. მიიღო სახლმწიფომ თქვენი გამოჯანმრთელების პროცესსში მონაწილეობა?
-ამ მხრივ სახელმწიფომ აიღო ყველანაირი ხარჯები საკუთარ თავზე. არა მარტო მე არამედ ყველა დაშავებულის მკურნალობის ხარჯები მთლიანად სახელმწიფომ გადაიხადა. გადამაფრინეს ისრაელში, სადაც სამედიცინო ჩარევები უმაღლეს დონეზე ჩამიტარადა, შემდეგ რეაბილიტაციის პროცესი დაიწყო. ახლა საქართველოში ვარ, თუმცა უახლოეს პერიოდში კონსულტაციისთვის და შემოწმებისთვის კვლავ ისრაელში მივემგაზვრები.
-თქვენი აზრით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გადაამეტა თავის უფლებამოსილებას?
-ძალიან ცუდი მომენტია , როდესაც ადამიანი დგას და შენ მას დამიზნებით ესვრი. აქციის მონაწილეების მხრიდანაც იყო გადაცდომები, თუმცა მართებულად არ მიმაჩნია რეზინის ტყვიების გამოყენება .მე აბსოლუტურად აპოლიტიკური ადამიანი ვარ, არანაირ პოლიტიკურ ძალას აქციაზე არ მივუყვანივარ. მივედი ჩემი პროტესტის დასაფიქსირებლად, თუმცა ჩვენი ისტორიიდან გამომდინარე არის ბევრი ფაქტი, მაგალითად 9 აპრილი, როდესაც ახალგაზრდები მიდიან საკუთარი, გულახდილი პროტესტის გამოსახატავად და მოულოდნელად ხდებიან რაღაც ბინძური პოლიტიკის ნაწილად. რუსთაველის გამზირს ახსოვს ბევრი უდანაშაულო ახალაგაზრდას სისხლი.
ხვალაც, რომ დავინახო ჩემს ქვეყანაში რამე ისეთი ხდება, ხვალაც გავალ გასაპროტესტებლად. ჩვენ ახალგაზრდები ვართ ჩვენ უნდა მივუთითოთ მთავრობას რა არის კარგი და რა ცუდი. ჩვენ ის ძალა ვართ, რომელსაც ვერანაირი ტყვია ვერ შეაშინებს.

2019 წლის 20-21 ივნისს პარლამენტის წინ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, შს სამინისტრომ გამოძიება შემთხვევიდან მალევე დაიწყო. აქციაზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობის ბრალდებით, შსს-ს მიერ ამ ეტაპზე პასუხისგებაშია მიცემული 9 პირი, მათ შორის პარლამენტის წევრი, “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები