სესიაშვილი: რუსეთი კარგად ხვდება, რომ ადრე, თუ გვიან ოკუპირებულ ტერიტორიაზე პროტესტს მიიღებენ

რუსეთი ძალიან კარგად ხვდება, რომ ადრე, თუ გვიან ოკუპირებულ ტერიტორიებზე პროტესტს მიიღებენ, – ამის შესახებ მედიაჰოლდინგ “კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, რუსეთი ოკუპირებულ ტერიტორიებს სამხედრო ბაზების გარდა, ვერაფერს სთავაზობს.
„რუსეთი ძალიან კარგად ხვდება, რომ ადრე, თუ გვიან ოკუპირებულ ტერიტორიაზე პროტესტს მიიღებენ.
პროტესტს მიიღებენ იმიტომ, რომ რუსეთი ვერაფერს სთავაზობს ვერც აფხაზებს და ცხინვალზე საერთოდ ზედმეტია საუაბრი, გარდა სამხედრო ბაზებისა, იმიტომ, რომ რუსეთისთვის ეს არის არა რაიმე მიწის მიმართ ინტერესი, არამედ ეს არის სამხედრო-პოლიტიკური ინტერესი, იმისათვის, რომ სამხედრო ბაზებით , მისი გაგებით ე.წ. უსაფრთხოება უზრუნველყოს. ამ ფონზე, ადრე თუ გვიან, ჩვენ გვექნება იმის საშუალება, რომ ვიხილოთ ეს პროტესტი. ეს იგრძნობა კიდევაც. ამიტომ არის რომ მავთულხლართებს აბამენ, ხელს გვიშლიან ერთმანეთთან ურთიერთობაში. აფხაზეთშიც და ცხინვალშიც სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა, ჯანდაცვის, განათლების სისტემა, კულტურული მემკვიდრეობის, იდენტობის დაცვა ძალიან რთულია, გარდა იმისა, რომ ჩემი აზრით, რუსეთი მიზანმიმართულად ცვლის დემოგრაფიულ სურათს ორივე რეგიონში.
რა თქმა უნდა, მოთმინება გვჭირდება. ამ მოთმინებით, ის სიკეთეები, რაც არის ამ ქვეყანაში ამქსიმალურად უნდა გავუნაწილოთ ჩვენს თანამოქალაქეებს, რომლებიც ოკუპაციის პირობებში იმყოფებიან“, – განაცხადა სესიაშვილმა.
თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები