“ღმერთი მაძლევს ძალას, რომ ვხატო” – ხელოვანი ურეკიდან, რომელსაც მთელს მსოფლიოში იცნობენ

ლალი თავართქილაძეს და მის აფთიაქს ურეკში ყველა იცნობს – ის ურეკის ნამდვილი კოლორიტია.
ფარმაცევტი, მხატვარი, მოსიყვარულე დედა და ბებია – სიყვარულით და მრავალმხრივი ნიჭით დაჯილდოვებული ქალბატონი ყველას უყვარს.
მის გარშემო წარმტმაცი ფერადოვნებაა, მისი სახლის და აფთიაქის ფასადი გულგრილს არავის დატოვებს.
აფთიაქში, კედლებიდან, წამლებთან ერთად, ლალის ნახატები ამაყად იმზირებიან, ნახატებიდან თითქოს ცოცხალი ადამიანები გიყურებენ და ცხოვრებაზე გაფიქრებენ.
მის ხელოვნებას მთელს მსოფლიოში აფასებენ, იციან და უყვართ. ამჟამად ერთ დიდ პროექტზე მუშაობს, თუმცა დეტალების გამხელისგან თავს იკავებს.
როგორც თვითონ ამბობს, აფთიაქის ფასადის გაფერადება 7 წლის წინ, მეუღლის გარდაცვალების შემდეგ დაიწყო. ეს საქმიანობა მას დიდი ტკივილის გადატანაში დაეხმარა, იყო დეპრესიაც, თუმცა ხელოვნების სიყვარულმა საყვარელი ადამიანის სიკვდილი გადაატანინა.
ლალი თავართქილაძე საქართველოს მხატვართა კავშირის წევრია.
„მე ხატვა არ ვიცი, და რანაირად? ღმერთი მაძლევს ამის ძალას, რომ ვხატო. თვითონ ხატვის პროცესში ვხედავ გამოსახულებებს და ამის შემდეგ გამოდის ასეთი ნახატები“,- ამბობს ის.
მისი შემოქმედება ნამდვილად საოცარია, გამორჩეული ფერებით, თემებით, უჩვეულო სტილით, სტრუქტურით და ინდივიდუალიზმით.
“ძალიან ბევრი ადამიანი ყოფილა ჩემთან, ბევრი მიტოვებს სამახსოვროდ საჩუქრებს, ნივთებს, თავიანთ შთაბეჭდილებებს და სურვილებს მიწერენ. ეს არის ბედნიერება“.
ლალის ბევრგან იწვევენ, შემთხვევით ვსარგებლობთ და მის მიერ მოხატულ კედელს ვათვალიერებთ სასტუმროში „კოლხიდა“. სასტუმროს ეზოში, შარშან ზაფხულს მოხატა ლალიმ უზარმაზარი კედელი.
ყველაფერს, რასაც იგი აკეთებს, ადამიანებისადმი უზარამაზარი სიყვარულით აკეთებს.

 

 

თათია სამსონიძე

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები