დიმიტრი მედოევი: რომც მიგვიწვიონ ნატოში არ შევალთ
ოკუპირებული ე.წ. სამხრეთ ოსეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრის დიმიტრი მედოევის განცხადებით, „სამხრეთ ოსეთი ნატოში არ შევა იმ შემთხვევაშიც კი, თუ მას იქ მიიწვევენ“.
„ჩვენ მკაფიო „უარს“ ვიტყვით მაშინაც კი, თუ ამას ჩრდილოატლანტიკური საბჭო გენერალური მდივნის სახელით გვთხოვს. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა – მშვიდობიანი სახელმწიფოა, აგრესიულ ბლოკებში მონაწილეობა ჩვენი ქვეყნის იმიჯს დააზიანებს“, – განაცხადა მედოევმა.
მედოევი ასევე ნატოს ყოფილი გენერალური მდივნის ანდერს ფოგ რასმუსენის განცხადებას გამოეხმაურა, სადაც საუბარია იმაზე, რომ როგორც ერთ-ერთი ვარიანტი, შესაძლოა საქართველო ალიანსის წევრი ქვეყანა გახდეს, თუმცა მე-5 მუხლის მოქმედება ოკუპირებულ ტერიტორიებზე არ გავრცელდება.
„ამბობენ, კამათში ჭეშმარიტება იბადებაო. ვფიქრობ, სულ ტყუილად ღელავენ ჩვენზე, სამხრეთ ოსეთისთვის ორივე ვარიანტი მიუღებელია. ნატო საფრთხეს უქმნის მშვიდობას და უსაფრთხოებას არა მარტო სამხრეთ ოსეთში – ეს საშიში ავანტიურა მიმართულია, პირველ რიგში, რუსეთის წინააღმდეგ. ეს ცხადზე ცხადია. ჩვენ საერთოდ არ გვაწყობს საქართველოში ნატოს ყოფნა, რადგან ასეთი მეზობლობა ჩვენი ქვეყნის, ასევე კავკასიის რეგიონის უსაფრთხოებისთვის საფრთხის შემცველია“, – აღნიშნა ე.წ. მინისტრმა.