რა მოხდა კახეთში და სცემეს თუ არა პოლიციელებმა არასრულწლოვანი – რას ამბობენ სოციალური მუშაკები

გურჯაანის რაიონული სამმართველოსთან დაკავშირებული ხმაურიანი ისტორია, სამართალდამცველების მიერ დაკითხვის დროს არასრულწლოვანზე განხორციელებული ძალადობის შესახებ არ დასტურდება. საქმე ეხება გურჯაანის რაიონის სოფელ ვეჯინში მცხოვრებ 34 წლის ვანო მახარაშვილის გაუჩინარებასთან დაკავშირებით, მის შესაძლო მკვლელობაზე დაკითხული არასრულწლოვანი ბექა მინდორაშვილის მიმართ პოლიციელების მიერ განხორციელებულ ზეწოლას.

“რეგიონული კვირა” იმ სოციალურ მუშაკებს დაუკავშირდა, რომლებიც უშუალოდ ესწრებოდნენ დაკითხვის პროცესებს. ზინა ჯიშკარიანი და ნუნუ ქოროღლიშვილი კატეგორიულად უარყოფენ სხვადასხვა მედიით გავრცელებულ ინფორმაციას, რომ არასრულწლოვან ბექა მინდორაშვილზე დაკითხვის დროს რაიმე სახის, ფიზიკური თუ მორალური ძალადობა ხორციელდებოდა. ზინა ჯიშკარიანი “რეგიონულ კვირასთან” საუბრისას იმასაც იხსენებს, რომ მინდორაშვილს სხეულის დაზიანება უშუალოდ დაკითხვის პერიოდში არ აღენიშნებოდა.

„სხეულის დაზიანება, ჩემი დაკითხვაზე დასწრების დროს, ბექას არ აღენიშნებოდა. პოლიციაში ჯდომა სასიამოვნო არ არის, როცა დაკითხვაზე ხარ. შეიძლება, ოდნავ არასასიამოვნო განწყობა ჰქონდა, მაგრამ როგორც ასეთი, რომ ნაცემი ყოფილიყო, ეგ რომ შემემჩნია, რეაგირებას აუცილებლად მოვახდენდი“, – ამბობს ზინა ჯიშკარიანი.

ნუნუ ქოროღლიშვილი, რომელიც არასრულწლოვანის ბოლო დაკითხვას 22 აგვისტოს ესწრებოდა, ამბობს, რომ პროცესი მშვიდად მიმდინარეობდა.
„ბექამ სამართალდამცველებს უთხრა, არაფერ ინფორმაციას არ მოგცემთო, ყველაფერი უარყო. ჩემს თვალწინ არანაირ ძალადობას ადგილი არ ჰქონია. დაკითხვის დროს იყო სიმშვიდე და ძალიან კარგი ურთიერთობა“, – ამბობს სოციალური მუშაკი.

ცემის ფაქტს არც შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ. როგორც “რეგიონულ კვირას” უწყებაში განუცხადეს, ბექა მინდორაშვილი ორჯერ დაიკითხა და ორივეჯერ მისი საპროცესო წარმომადგენლის – სოციალური მუშაკის თანდასწრებით.
2019 წლის 16 აგვისტოს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გურჯაანის რაიონულ სამმართველოში დაიწყო გამოძიება ვ.მ.-ს თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლის პირველი ნაწილით. მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, 2019 წლის 20 აგვისტოს გამოიკითხა არასრულწლოვანი ბ.მ., რომლის გამოკითხვასაც ესწრებოდა არასრულწლოვანის საპროცესო წარმომადგენელი – სოციალური მუშაკი. ასევე, ბ.მ. დამატებით გამოიკითხა 2019 წლის 22 აგვისტოს, რასაც ესწრებოდნენ მისი ადვოკატი და საპროცესო წარმომადგენლი – სოციალური მუშაკი. ბ.მ.-ს. რაც შეეხება პოლიციელების მხრიდან ბ.მ.-ს მიმართ ჩადენილ შესაძლო უფლებადარღვევის ფაქტებს, აღნიშნული ინფორმაცია შემდგომი რეაგირების მიზნით, გადაგზავნილია პროკურატურაში”, – აცხადებენ უწყებაში.

მათგან ამბის განსხვავებულ ვერსიას ყვება თავად ბექა მინდორაშვილის დედა – ესმა ჯანაშვილი. მისი თქმით, ბექას მიმართ დაკავებისა და დაკითხვის დროს ზეწოლა ხორციელდებოდა. ის “რეგიონულ კვირას” უყვება, რომ მის შვილს აღიარებითი ჩვენება ძალის გამოყენებით დააწერინეს.
“მანქანაში ცემეს, თავი ახეთქებინეს. მაგრად ცემეს, დაამჟავეს ბავშვი. მე პოლიციაში ვიყავი და 80 პოლიციელი იყო, მერე მოვედი და აქაც 80 პოლიციელი იყო. 5 თუ 6 პიკაპი მოვიდა. მაღლა ასულან და შეამოწმეს, რისი სისხლი იყო. 1 ტილო მქონდა ის წაიღეს, მაცივარი გამორთული მქონდა და იმის ქვეშ მედო და სისხლიაო და დამწვარი ტილო წაიღეს იმ ნაბიჭვრებმა. წაიღეს და თავში ქვაც უმტვრევიათ-მეთქი. მკვლელობაო, მერე ცოცხალი გამოჩნდა ის ბიჭი. ბავშვს აი, რას ედავებიან. არ ვაპატიებ რასაც ჩემს შვილს უშვრებიან”, – ამბობს ესმა ჯანაშვილი.

არასრულწლოვანის დედამ საკუთარი სიტყვების დასადასტურებლად სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის დასკვნასა წარმოადგინა, სადაც წერია, რომ ბექა მინდორაშვილს სხეულზე სხვადასხვა დაზიანებები აღენიშნებოდა. თუმცა დაზიანებების მიღების კონკრეტული დრო არ არის მითითებული. დასკვნაში აღნიშნულია, რომ .2019 წლის 19 აგვისტოს, 14:00 საათზე გურჯაანის რაიონის სოფელ ვეჯინში ბექა მინდორაშვილი დააკავეს პოლიციის თანამშრომლებმა, დაკავებულის მტკიცებით, გურჯაანის რაიონული სამმართველოში სამართალდამცველებმა მას მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა, თუმცა იმ დროს სამედიცინო დაწესებულებისათვის არ მიუმართავს. შემოწმება 22 აგვისტოს დაიწყო, რა დროსაც არასრულწლოვანს სხეულის სხვადასხვა სახის დაზიანებები, ძირითადად თავისა და კისრის არეში აღენიშნებოდა. აღსანიშნავია, რომ ბექა მინდორაშვილი წინასწარ პატიმრობაში არ იმყოფებოდა და 22 აგვისტოს დაკითხვის დროსაც მას ფიზიკური დაზიანებები არ ჰქონდა.

მინდორაშვილების ოჯახის ახლობელი, ივანე ვარდოსანიძე, რომელიც ამავე საქმეზე მოწმის სტატუსით დაიკითხა, “რეგიონულ კვირასთან” საუბრისას იხსენებს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ბექას აშკარად აღენიშნებოდა დაზიანებები, მის თვალწინ პოლიციელებს ის არ უცემიათ.
„მეზობელთან ვიყავი, იქიდან წამიყვანეს მე. ვერ გავიგე რა მოხდა. ბექა ნაცემი იყო, თავ-პირი ჰქონდა დასიებული, თუმცა ჩემს თვალწინ არ უცემიათ, შეიძლება სხვაგან რამე მოხდა, არ ვიცი“, – ამბობს ივანე ვარდოსანიძე.​

მინდორაშვილების თანასოფლელები კი “რეგიონულ კვირასთან” საუბარში აღნიშნავენ, რომ ამ ოჯახში ყოველდღიურად ხდება ჩხუბი. მათივე თქმით, სასწრაფო და საპატრულო ეკიპაჟებიც ოჯახის ხშირი „სტუმრები“ არიან.

„მე რომ მკითხოთ, მაგ ოჯახში ბავშვებიც არ უნდა იზრდებოდნენ, არა თუ დიდები. ძალიან ცუდი მდგომარეობაა ყოველთვის მაგ სახლში,ვერ გაიგებ, ვინ ვისზე ძალადობს“, – ამბობს ერთ-ერთი მეზობელი.
„იმდენი ტყუილი იციან მაგ ოჯახში, გაოცდები ადამიანი. ოჯახის პატარა წევრს შევეკითხეთ, რა მოხდა თქვენთანო და ასე გვიპასუხა – მე მოვკალიო – რაღაცნაირი ოჯახია. სულ ხდება ცუდი საქმეები და მოხდება კიდეც. სასწრაფო ვერ მიდის მაგ ოჯახში პატრულის გარეშე“, – გვიყვება მეორე მეზობელი.
სოფლის მკვიდრი მამაკაცი იმასაც ამბობს, რომ შემთხვევის დღეს მინდორაშვილების ოჯახში​ დაკარგულსა და ოჯახის წევრებს შორის შეკამათება მოხდა.
“მთელმა რაიონმა კი არა, ნახევარმა კახეთმა იცის, ეგენი ვინ არიან. არც ერთი პოლიციელი მაგათ ხელს არ დაადებდა. გამოვიდა ხმა, რომ მაგათ სინამდვილეში ჩხუბი ჰქონიათ იმ ბიჭთან, თუ არ ვცდები, იქ სისხლის წვეთებიც ნახეს იმ ბიჭის, ვისაც ეძებდნენ და შეიძლება, იმ ჩხუბის დროს რაღაცა დაუზიანდა ბექას. მთლად გიჟი უნდა იყოს პოლიციელი მაგათ ხელი დააკაროს”, – ამბობს „კვირასთან“ თანასოფლელი მამაკაცი და ვინაობის გამხელა, სხვა თანასოფლელების მსგავსად არ სურს.
შეგახსენებთ, რომ გურჯაანის რაიონის სოფელ ძირკოკში მცხოვრებ ახალგაზრდა,34 წლის ვანო მახარაშვილს  ოჯახის წევრები 3 აგვისტოდან ეძებდნენ და პოლიციას გაუჩინარების შესახებ 16 აგვისტოს აცნობეს.
ვანო მახარაშვილი, რომლის გაუჩინარების დროსაც, არაერთი პიროვნება დაიკითხა და რომლის სხეულის ნაწილებს ალაზნის სარწყავ არხშიც კი ეძებდნენ, სამართალდამცველებმა 10 დღიანი ძებნის შემდეგ, სიღნაღის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ ფერმაში, ცოცხალი იპოვეს.
რაც შეეხება პოლიციელების მხრიდან ბექა მინდორაშვილის მიმართ ჩადენილ შესაძლო უფლებადარღვევის ფაქტებს, აღნიშნული ინფორმაცია შემდგომი რეაგირების მიზნით, გადაგზავნილია პროკურატურაში და დაწყებულია გამოძიება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები