ამირან სალუქვაძე ოკუპანტების გავრცელებულ „დოკუმენტზე“ – “სახელმწიფობანას თამაშია, პატარ-პატარა კაცუნები რაღაცებს თხზავენ”

სახელმწიფოობანას თამაშია, პატარ-პატარა კაცუნები, ჩინოვნიკები რაღაცებს თხზავენ, – ასე ეხმაურება ბრიგადის გენერალი ანალიტიკოსი სამხედრო-პოლიტიკურ საკითხებში, ამირან სალუქვაძე საოკუაპციო რეჟიმის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, მათ ხელთ ჩაუვარდათ სუს-ის სამოქმედო გეგმა, სადაც საუბარია ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნებაზე.
როგორც ამირან სალუქვაძემ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ოკუპანტების მიერ გავრცელებული „დოკუმენტი“ ძალიან კომიკურია.
„სერიოზულად განხილვაც კი შეუძლებელია, იმდენად სასაცილოდაა ეს დოკუმენტი გაფორმებული, რაღაც წითელი შტამპია დასმული, ჩვენთან ასე არ არტყამენ შტამპს. უბრალოდ იბეჭდება თავში საიდუმლო, ან სრულიად საიდუმლო და ა.შ. “სრულიად საიდუმლოს” ნაცვლად წერია “სავსებით საიდუმლო”. ბლანკიც არასწორია.
სახელმწიფოობანას თამაშია. რუსეთს თუ საფუძველი უნდა იმისთვის, რომ სიტუაცია არიოს, ცოტა უფრო დახვეწილად იმოქმედებენ. პატარ-პატარა კაცუნები, ჩინოვნიკები რაღაცებს თხზავენ. იმის კვალიფიკაციაც არ აქვთ, რომ ეს ნორმალურად შეთხზან. ძალიან კომიკური იყო“, – განაცხადა სალუქვაძემ.
ცნობისთვის, ე.წ. სამხრეთ ოსეთის ე.წ. უსაფრთხოების კომიტეტმა სუს-ის „საიდუმლო დოკუმენტი“ გაასაჯაროვა, საიდანაც, მათივე მტკიცებით, ირკვევა, რომ თბილისს „უახლოეს ამოცანად“ ოკუპირებული ტერიტორიების, მათ შორის ე.წ. სამხრეთ ოსეთის, დაბრუნება აქვს განსაზღვრული.
ე.წ. უსაფრთხოების კომიტეტის მტკიცებით, თბილისმა 2016-2020 წლების სამოქმედო გეგმა შეიმუშავა, რომელიც 2015 წლის 24 მაისით არის დათარიღებული.
„მოპოვებულ დოკუმენტში“ საუბარია იმაზე, რომ თბილისს „დაკარგული ტერიტორიების დაბრუნება სურს, ან მათი შემოერთება უნდა ფინანსური შემოთავაზებების გზით“.
გარდა ამისა ე.წ. კომიტეტის განცხადებაში ნათქვამია, რომ 23 აგვისტოს ქართულმა მხარემ ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო გენპროკურატურის კვადროკოპტერი დააზიანა, ასევე უკანონო პოსტი განათავსა, რაც „სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ წარმოებული კლასიკური ჰიბრიდული ომის ნიშნებს ატარებს“.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები