საოკუპაციო ზოლთან მცხოვრებ ოჯახებს სეპარატისტების მიერ მიყენებული ზარალი საქართველოს ფერმერთა ასოციაციამ აუნაზღაურა 

გორის მუნიციპალიტეტში მდებარე სოფელ კირბალში მცხოვრებ ოთხ ოჯახს ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადასული და დაკარგული 8 სული საქონლის კომპენსაციის სახით ერთი ტონა ხორბალი და თითო სულ პირუტყვზე 800 ლარი საქართველოს ფერმერთა ასოციაციამ პარტნიორი ბიზნესმენების დახმარებით გადასცა.

როგორც “კვირას” საქართველოს ფერმერთა ასოციაციაში განუცხადეს, პირუტყვის დაკარგვის შესახებ ინფორმაცია ასოციაციის ხელმძღვანელს შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ხოჯევანიშვილმა მიაწოდა.

„აღნიშნული პრობლემის შესახებ ჩვენი ასოციაციის ხელმძღვანელს ნინო ზამბახიძეს შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა აცნობა. კირბალის მოსახლეობას ფულადი და ასევე ხორბლის სახით დახმარება ჩვენს ორგანიზაციასთან დამეგობრებულმა კერძო ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებმა გაუწიეს”,- განაცხდა საქართველოს ფერმერთა ასოციაციის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა ნათია მსხილაძემ.

„კვირას“ ჟურნალისტი დაზარალებულ თამაზ პაპიტაშვილთან ერთად ე.წ სასაზღვრო ზოლის მიმდებარე ტერიტორიები მოინახულა, სადაც 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, ოკუპანტების მხრიდან ადგილობრივების დაკავება და საქონლის ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადაყვანა ხდება.

პაპიტაშვილის თქმით, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომამდე საძოვრები სოფელს ეკუთვნოდა, თუმცა ახლა მათ აღარ ეკუთვნით და საქონელი მუდმივად იკარგება ამ ადგილებიდან.

„2008 წლის აგვისტოს ომამდე ეს ტყე და საძოვრები ჩვენ გვეკუთვნოდა, თუმცა ახლა ოსები ჩვენიაო გვედავებიან. 28 ივნისს სწორედ ამ ადგილიდან დაიკარგა 8 სული ძროხა და ეს არ იყო პირველი ფაქტი. ამის შესახებ ადგილობრივ ხელისუფლებას ვაცნობეთ და შუამდგომლობა ფერმერთა ასოციაციასთან გაგვიწიეს. ასეთი დახმარება ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ამიტომ ფერმერთა ასოციაციას და ადგილობრივ ხელისუფლებას მადლობას ვუხდით“,- განაცხადა პაპიტაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები