ძეგლად ქცეული სოფელი, სადაც ზამთრობით ერთი ოჯახი რჩება

ამბროლაურიდან 25 კმ-ის დაშორებით სოფელი გოგოლათია -კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მქონე ძეგლად ქცეული სოფელი.
ჯერ ხიდი უნდა გადაიარო რიონზე, ეს ის ადგილია, სადაც რიონი იბადება, შემდეგ ულამაზესი მდინარე შარეულას ნაპირებს აუყვე და სოფლის ტრაფარეტსაც შენიშნავ – გოგოლათი – ასე თავმდაბლად და უპრეტენზიოდ შეგეფეთება პირველი შთაბეჭდილება.
მშვენიერ, ქვიშით მოკირწყლულ გზას სოფლის დასაწყისისკენ ავყავავართ.

ქვემო რაჭის სოფლებში ბევრგან შეხვდებით ხის მოჩუქურთმებულ ოდა სახლებს, მათი უმეტესი ნაწილი მე-19 საუკუნიდან დღემდე პირველადი სახითაა შემორჩენილი, ნაწილი სიძველისგან დაზიანებულია. გოგოლათი ულამაზესი ხის სახლებით განთქმული ადგილია, უძველესი ხის ჯიშებისაგან (უთხოვარი, დათვისთხილა, ცაცხვი, თელა) აშენებული ოდები ამწვანებული ეზოებიდან ამაყად გიყვებიან თითქოს თავის ისტორიებს. აქ არცერთ ჭიშკარს ბოქლომი არ ადევს, სტუმარპასპიძლობის გამო ალბათ, თუმცა ადამიანის ჭაჭანება არ ჩანს, გაგვიხარდა ორღობეში ერთადერთი სულიერი ზანზალაკიანი ძროხის ჩამოვლა, ადამიანებს ვეძებთ ძეგლად ქცეულ სოფელში.
ერთი ჭიშკრიდან ცნობისმოყვარე ბავშვმა გამოგვხედა – „შემობრძანდით, ბებო სახლშიაო“, – შეგვიპატიჟა, შევყევით… სოხაძეების ორნამენტებით დამშვენებულ ეზო-კარში ვართ, ხანშიშესული ქალბატონი, რომელიც დაახლოებით 80 წლამდეა, შესაშური მეხსიერებითა და ერუდიციით ერთმანეთზე მიყოლებით გვიყვება საინტერესო ისტორიებს:

„ეს სახლი, სადაც ვცხოვრობდით და ახლა ზაფხულობით ვსტუმრობთ ხოლმე, საუკუნის წინანდელია, ის მოჩუქურთმებული დამხმარე ნაგეგობაც (ნალია). ძალიან მინდა აქ დარჩენა, აღარ მინდა თბილისში დავბრუნდე, მაგრამ აბა, როგორ, მეზობელიც კი არავინაა დარჩენილი, ვის იმედზეღა დავრჩე. ზამთრობით აქ მარტო ერთი ოჯახი რჩება, ისიც მოშორებით ცხოვრობს, კახიძეები არიან, გუშინ, იმ ოჯახის ქალი მიყვებოდა, ზამთარში ჩემი შვილი სადღაც წავიდა, მოთოვა და რამდენიმე დღით მოუწია დარჩენა, შიშით გავატარე ის სამი დღე, ხმამაღლა, ნადირივით გავყვიროდი ხოლმე, თითქოს შიშს უკან ვახევინებდი და ვამარცხებდიო….აი, ამ ჩვენს ეზოში, წელს, ყოფილმა პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ გვამცნო, გოგოლათს ისტორიულ-კულტურული ძეგლის სტატუსი რომ მიენიჭა, რამაც სიამაყით აღმავსო, მაგრამ მთავარი სადარდებელი, მაინც უადამიანოდ დარჩენილი სოფელია…პრემიერი იმასაც დაგვპირდა, აქ მთავრობა მასშტაბურ სარეაბილიტაციო სამუშაოებს გეგმავს, თუმცა სოფლის იერსახე შენარჩუნებული იქნებაო, რავიცი ბებო, იქნება და ვინმე უკან მობრუნდეს, მეც აქ მინდა დაბრუნება“, – გვიყვება ლამარა ბებო.

მეტი ისტორიული რაკურსისთვის, ამბროლაურის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სამსახურის ხელმძღვანელს, ქეთი ბერაძეს გავესაუბრეთ:
„სოფელ გოგოლათში გლეხის კარმიდამოს, სახლ-კარის და შრამელ-ბურულის (სამეურნეო ნაგებობანი) განლაგება დასრულებული არქიტექტურული ანსამბლია და გასაოცარი სრულყოფილებით არის შერწყმული კონტრასტულ რელიეფთან. თავის ნაშრომებში პროფესორი ლევან ფრუიძე ამბობს – „სოფელი სადაც დღეისათვის თითქმის ყველაფერი ეთნოგრაფიულ ძეგლადაა ქცეული. იმდენადაა შენახული, რომ ჯერ კიდევ დაცვა შეიძლება“, – ამბობს ქეთი ბერიძე.

გოგოლათელებს ხის სახლების დაშლა აწყობის საუკეთესო და უცნაური ტექნიკა ჰქონდათ გამომუშავებული, სახლების ფიცრები ერთმანეთთან ისეა დაკავშირებული, ვერც ერთ ლურსმანს ვერ შეამჩნევთ. ერთი სოფლიდან მეორეში უკვე გაკეთებული სახლები გადაჰქონდათ ურმით. ოდები დიდი მოჩუქურთმებული აივნებითაა დამშვენებული. რაჭველები აივნებზე დიდ დროს ატარებდნენ და თავშეყრის ადგილად იყო მიჩნეული. ცდილობდნენ, საუკეთესო ხელოსნებისთვის მიებარებინათ ორნამენტების მოპირკეთების საქმე – ჯვრები, ფრინველები, მზე, ნამგალი და ურო, ცხოველები, სიმეტრული ფიგურები, ბუხრები, შეკიდული ჭერი დღესაც მრავლადაა შემორჩენილი სიძველეშეპარული იერით. ეზოებში უამრავი ძველი ნივთია, ისინი მეპატრონეებს კოხტად მიულაგებიათ ზაფხულის მიწურულს და მომავალ ზაფხულამდე გამოუკეტავთ კარი ძეგლადქცეულ სოფელ გოგოლათში, სადაც ამ ზამთარს მხოლოდ ერთი ოჯახი ამოუშვებს კვამლს კერიიდან.

მარინე სვანიძე

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები