“დიაგნოზი განაჩენი არ არის” – აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს პროგრამები, რომლებიც ბენეფიციარს ცხოვრებას უმსუბუქებს

აჭარის რეგიონში მცხოვრები 29 წლის ჯაბა მახარაძე, ერთ-ერთი მათგანია, რომელიც აჭარის ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში გაფანტულ სკლეროზს მკურნალობს. ახალგაზრდა ძვირადღირებულ მედიკამენტებს პერიოდულად იღებს და მისი თქმით, დაავადებისთვის დამახასიათებელმა სიმპტომებმაც იკლო, რის შედეგადაც თავს უკეთ გრძნობს.
“სამი წლის წინ მხედველობის გაუარესება შევამჩნიე. დამეწყო სხეულის დაბუჟება, კიდურები გამიჩერდა. თავიდან ყურადღება არ მივაქციე, მეგონა გამივლიდა, თუმცა ექიმთან ვიზიტის შემდეგ მხედველობის პრობლემაც გამოირიცხა. მდგომარეობის გაუარესების შემდეგ გამოკვლევები ჩავიტარე, რის შედეგადაც გაფანტული სკლეროზი დამიდგინდა. დიაგნოზი განაჩენი არ არის და დაავადებასთან ერთად ცხოვრება ამ პროგრამის წყალობით შესაძლებელი გახდა“, – გვიყვება ჯაბა მახარაძე.

2019 წლისათვის აჭარაში ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ბიუჯეტი 20 662 235 ლარს შეადგენს. მოსახლეობის მიმართვიანობისა და მოთხოვნების გათვალისწინებით სამინისტრო საქვეუწყებო დაწესებულებებთან ერთად 32 პროგრამას ახორციელებს. გთავაზობთ განხორციელებულ პროგრამებს:

1. გაფანტული სკლეროზით დაავადებულ პაციენტებს დადასტურებული დიაგნოზის შემთხვევაში მკურნალობისთვის საჭირო მაღალეფექტური მედიკამენტებით მკურნალობის კურსი უფინანსდებათ, რომლის წლიური ღირებულების ლიმიტი თითოეულ პაციენტზე 25 000 ლარს შეადგენს.
2. მოსახლეობის საზღვარგარეთ მკურნალობის თანადაფინანსების ქვეპროგრამით გაიზრდება ბენეფიციარების დაფინანსების ზღვრული ტარიფი და 15 000 ლარის ნაცლად – 25 000 ლარი გახდება.
3. ზოგიერთი სოციალური კატეგორიის მოსახლეობის სამედიცინო მომსახურების თანადაფინანსების პროგრამით, ძვირადღირებული ქირურგიული ოპერაციული მკურნალობის თანაგადახდა სრულად, სახელმწიფო პროგრამით დამტკიცებული ტარიფის ფარგლებში განხორციელდა. ქვეპროგრამის ბიუჯეტი 150 000 ლარით გაიზარდა და 400 000 ლარი გახდა.
4. ავთვისებიანი სიმსივნით დაავადებულ პაციენტთა სამედიცინო სამსახურის პროგრამაში ტარგერული, იმუნოთერაპიული და ბისფოსფონატების ჯგუფის მედიკამენტების დაფინანსების წლიურმა ლიმიტმა მოიმატა და ამჟამად 15 000 ლარს შეადგენს.
5. ძუძუს კიბოთი დაავადებული პაციენტების მკურნალობა ფინანსურად კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გახდა. კერძოდ: პაციენტების საჭიროებიდან გამომდინარე ჰორმონდამოკიდებულიHER-2 -მეტასტაზური ძუძუს კიბოს დიაგნოზის შემთხვევაში მედიკამენტ ევეროლიმუსის მკურნალობის კურსი სრულად უფინანსდებათ. პროგრამით წლის განმავლობაში არაუმეტეს 7 პაციენტი სარგებლობს.
6. სოციალური დაცვის მიმართულებით 2 პროგრამა ამოქმედდა: მენჯ-ბარძაყის ხარისხის დისპლაზიისა და თანდაყოლილი ამოვარდნილობის მქონე ბავშვთა რეაბილიტაცია და სმენაპროტეზირებულ ბავშვთა რეაბილიტაცია.
7. მარტოხელა დედათა და ბავშთა თავშესაფრით უზრუნველყოფის პროგრამა გაფართოვდა, 2019 წლიდან პროგრამას ბენეფიციარებად სხვადასხვა პრობლემების მქონე დედები დაემატნენ.
8. სოციალური დაცვის თითქმის ყველა პროგრამის ბიუჯეტი და ბენეფიციართა რაოდენობა გაიზარდა.
9. მოსახლეობისთვის ინდივიდუალური სამედიცინო დახმარების პროგრამით ძვლის ტვინისა და ღვიძლის ტრანსპლანტაციის ძვირადღირებული სამედიცინო მომსახურების ხარჯების დაფინანსება 10 პაციენტისთვის დაიგეგმა. ამასთან, ღვიძლის ტრანსპლანტაციის საჭიროების შემთხვევაში დაფინანსება გაიზარდა, რაც 50 000 ლარის ნაცვლად, 65 000 ლარს შეადგენს.
10. პროგრამის ფარგლებში ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის საჭიროების შემთხვევაში, ონკოჰემატოლოგიური დაავადების მქონე პაციენტებს პირველად ძვლის ტვინის აუტოლოგიური ტრანსპლანტაცია – 80 000 ლარით დაუფინანსდათ ხოლო ძვლის ტვინის ალოგენური ტრანპლანტცია -150 000 ლარით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები