მაკო გომური: არ ვარ თბილისში
მაკო გომური, რომელმაც 20-21 ივნისის მოვლენების დროს თვალი დაკარგა სოციალურ ქსელში წერს, რომ თბილისში არ იმყოფება.
მისი თქმით, „ხუთი წუთით ადრე რომ ვიგებ, რომ საშვი ყოფილა დაშვებული, კარგი მიდგომაა“.
„არ ვარ თბილისში. კახეთის გზატკეცილზე ვარ და პარლამენტის სხდომას თუ დამაწევთ გზაში, კი ბატონო, შევალ. ისე, ხუთი წუთით ადრე რომ ვიგებ, რომ საშვი ყოფილა დაშვებული, კარგი მიდგომაა“, – წერს მაკო გომური.
მანამდე ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა სალომე სამადაშვილმა განაცხადა, რომ გომური პარლამენტთან არის და მას სხდომათა დარბაზში შესვლა სურს. სამადაშვილმა მოითხოვა, რომ გომურთან ერთად „სირცხვილიას“ სხვა წევრებიც შეეშვათ.
თუმცა მსგავსი გადაწყვეტილება მიღებული არ იქნა და ოპოზიციამ სხდომათა დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვა.
სტატუსის გამოქვეყნებიდან რამდენიმე წუთში, მაკო გომურის „ფეისბუქის“ პირად გვერდზე აღნიშნული პოსტი აღარ იძებნება.
წერს 1TV.ge
