აშშ რუსეთს კიბერსივრცეში ყველაზე დიდ საფრთხედ ასახელებს
აშშ-სთვის კიბერსივრცეში რუსეთი მთავარ საფრთხედ რჩება, – ამის შესახებ აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების სააგენტოს მთავარმა იურიდიულმა მრჩეველმა გლენ გერსტელმა განაცხადა.
„ოთხი ქვეყანაა, რომლებსაც განსაკუთრებით ვაკვირდებით. რუსეთს პრობლემების შექმნის დიდი შესაძლებლობები აქვს, განსაკუთრებით დეზინფორმაციის გავრცელების კუთხით. ეს ქვეყანაა, რომლის მშპ ილინოისის ან პენსილვანიის შტატებზე ნაკლებია, მაგრამ შეხედეთ, როგორი პრობლემების შექმნა შეუძლია მას კიბერსივრცეში. ასე რომ, რუსეთი ერთმნიშვნელოვნად ნომერ პირველია“,- განაცხადა კონფერენციაზე გერსტელმა.
მისი შეფასებით, მეორე ადგილს ჩინეთი იკავებს, რომლის მთავარი მიზანია ინფორმაციისა და ინტელექტუალური საკუთრების მოპარვა.
შემდეგ ადგილზეა ჩრდილოეთ კორეა, რომლის „სპეციალიზაციაა“ ფინანსური დანაშაულებები, განსაკუთრებით, კრიპტოვალუტის მანიპულირებით.
და ბოლოს ირანი, რომელიც ქმედებებში არაპროგნოზირებადია ახლო აღმოსავლეთის მიმართულებით, მაგრამ ასევე მისი სამიზნეა აშშ-სთვის ზარალის მიყენება, რაც ინფრასტრუქტურასა და საბანკო სისტემებზე თავდასხმაში გამოიხატება.
მისი თქმით, კიბერსივრცეში არსებული პრობლემა აქტუალურია უკანასკნელი 6-8 წლის განმავლობაში და ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად ვითარება უარესდება.