ვახტანგ გომელაური: ვგეგმავთ ერთობლივი ოპერაციების ცენტრისა და 112-ის გაერთიანებას
შს მინისტრობის კანდიდატმა ვახტანგ გომელაურმა პარლამენტში კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე უწყების სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.
მისი თქმით, იგეგმება ოპერაციების ცენტრისა და 112-ის გაერთიანება.
როგორც მან განაცხადა, სამინისტროში აქტიურად მიმდინარეობს ახალი საპოლიციო ციფრული პროდუქტების შექმნა, რომელთა საშუალებითაც საპოლიციო მომსახურების ხელმისაწვდომობა მნიშვნელოვნად გაიზრდება.
“სამინისტრო მომავალშიც გააგრძელებს ინტენსიურ მუშაობას საპოლიციო საქმიანობაში თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვისა და ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის. 5000-მდე კამერა ჩაირთვება უახლოეს დროში და ეს ძალიან მნიშვნელოვანია უსაფრთხოებისთვის, კრიმინალთან ბრძოლისთვის, ძალიან დაგვეხმარება საქმის გახსნის შემთხვევაში და პრევენციისთვის. ვეცდებით, რომ შემდეგ ყველა ქალაქში, მთელი საქართველოს მასშტაბით კიდევ გავაგრძელოთ მათი დამონტაჟება. 5000 კამერიდან თითქმის 40% არის „ჭკვიანი“ კამერები, რომლებიც აფიქსირებს ნომერს, სახეს და ეს ძალიან მნიშვნელოვანია.
მთელი ქვეყნის მასშტაბით გაგრძელდება საპოლიციო ინფრასტრუქტურის მშენებლობა/რეაბილიტაცია.
მშენებლობის პროცესი გაგრძელდება 2020 წლისთვის. კერძოდ, დასრულდება ბინათმშენებლობის პროექტით გათვალისწინებული საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობა ქუთაისში, თბილისში, ზუგდიდში, რუსთავსა და ბათუმში.
დასრულდება პოლიციის შენობების მშენებლობა ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაჩიანში, ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ძიბახევში, წალენჯიხასა და მესტიაში.
მშენებლობის გაგრძელება დაგეგმილია 2021 წლისთვისაც, ამ დროისთვის გეგმით გათვალისწინებულია 2 პოლიციის შენობის მშენებლობა ომალოსა და გურჯაანში.
ინციდენტებზე ოპერატიული რეაგირების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, ვგეგმავთ ერთობლივი ოპერაციების ცენტრისა და 112-ის გაერთიანებას.
ინციდენტებზე რეაგირების ხარისხის გაზრდისთვის ასევე იგეგმება ინიციატორთან უკუკავშირის სისტემის შექმნა, რომლის საშუალებითაც განხორციელდება საპოლიციო მომსახურების პროცესისა და ხარისხის შეფასება.
სამინისტროში აქტიურად მიმდინარეობს ახალი საპოლიციო ციფრული პროდუქტების შექმნა, რომელთა საშუალებითაც მნიშვნელოვნად გაიზრდება საპოლიციო მომსახურების ხელმისაწვდომობა და რომელიც ხელს შეუწყობს საზოგადოებასა და პოლიციას შორის თანამშრომლობის გაღრმავებას.
დაინერგება ანონიმური შეტყობინებების პლატფორმა, რომლის საშუალებითაც, პირი რომელიც ფლობს მომხდარი ან დაგეგმილი დანაშაულის შესახებ რაიმე ტიპის ოპერატიულად საინტერესო ინფორმაციას, ინტერნეტის გამოყენებით, პერსონალური მონაცემების გამჟღავნების გარეშე მიაწვდის ამ ინფორმაციას შესაბამის დანაყოფებს. აღნიშნული განხორციელდება პირის ანონიმურობის სრული დაცვით. ეს ხელს შეუწყობს დანაშაულის გახსნას და გააღრმავებს პოლიციასა და საზოგადოებას შორის თანამშრომლობის ხარისხს. ესეც ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია, იმიტომ რომ, უჭირს ადამიანებს თანამშრომლობა იქედან გამომდინარე, რომ მერე უწევს მოწმის სახით სასამართლოში სიარული, პროკურატურაში სიარული და ამას არიდებენ თავს, თუმცა ამ შემთხვევაში აღარ მოუწევთ და მე ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაცია იქნება მოწოდებული შინაგან საქმეთა სამინისტროში, ასევე უსაფრთხოების სამსახურში და სხვა ძალოვან უწყებებში”, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.