“ილუზიაა, რომ ჩვენ ჯანდაცვის სექტორის ნაციონალიზაციას გავაკეთებთ და ამით რაღაც ბალანსს აღვადგენთ, რომელიც თურმე კარგია”
პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის აკაკი ზოიძის განცხადებით, 2016 წლის არჩევნებისთვის გაცემული დაპირებები და მათი მოგვარების გზები ასახულია იმ პროგრამაში, რომელიც ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატმა ეკატერინე ტიკარაძემ წარადგინა.
ზოიძე ასევე შეეხო საკითხს ჯანდაცვის სექტორის ნაციონალიზაციის შესახებ, რომელიც მისი თქმით, თითქოსდა ჯანდაცვის სექტორის ბალანსს აღადგენს.
„ილუზიაა, რომ ჩვენ ჯანდაცვის სექტორის ნაციონალიზაციას გავაკეთებთ და ამით რაღაც ბალანსს აღვადგენთ, რომელიც თურმე კარგია, თუ სახელმწიფოს მფლობელობაში იქნება ყველა კლინიკა, ან პირიქით. არ არსებობს მსგავსი რეკომენდაცია. ცუდია, როდესაც ჯანდაცვის სექტორში ერთი ფორმა დომინირებს, თუ იქნება ეს კერძო, ან მხოლოდ სახელმწიფო, ეს არის პრობლემა და არა ის, რომ მუნიციპალური საავადმყოფოები არ გვაქვს.
არსებობს შერეული ფორმები და ყველა ასეთი ფორმის ხელშეწყობა და კონკურენცია, პატიოსანი თამაშის წესები მოგვცემს ჯანდაცვის სექტორის განვითარების საშუალებას და მე ეს ხედვა დავინახე. კარგია, რომ ამ მიმართულებით მივდივართ.
დაპირებას, რომელიც მოსახლეობას მივეცით, აუცილებლად შევასრულებთ, რომ მათ არ ჰქონდეთ გამაღარიბებელი ხარჯები, მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურება და იმ სისტემის იმედი ჰქონდეთ, რომელიც მათ ემსახურება“, – აღნიშნა კომიტეტის თავმჯდომარემ.