ბერლინის პოლიციამ ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობაში ეჭვმიტანილის ფოტო გამოაქვეყნა

ბერლინის პოლიციამ საქართველოს მოქალაქის ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობაში ეჭვმიტანილი 48 წლის მამაკაცის ფოტო გამოაქვეყნა.
როგორც Euronews წერს, გერმანელი სამართალდამცველები იმედოვნებენ, რომ ამ გზით მამაკაცის შესახებ დამატებით ინფორმაციას თვითმხილველების, იმ პირების მხრიდან მიიღებენ, რომლებიც ეჭვმიტანილს იცნობდნენ.
ზელიმხან ხანგოშვილი ბერლინში მოაბიტის რაიონში 23 აგვისტოს მოკლეს.
თავდამსხმელი მას ველოსიპედით მიუახლოვდა და მაყუჩიანი პისტოლეტით თავში ესროლა, ამის შემდეგ კი მიმალვა სცადა.
49 წლის ეჭვმიტანილი წინასწარი დაკავების იზოლატორშია მოთავსებული, პროკურატურა მისი დაკავების ორდერს ითხოვს.
Der Spiegel გამოძიებაზე დაყრდნობით ასევე წერდა, რომ ხანგოშვილი შესაძლოა მისი საქმიანობის გამო მოეკლათ. ამ ვერსიის სასარგებლოდ მიუთითებს ის ფაქტი, რომ ხანგოშვილი საქართველოს შსს-ში ანტიტერორისტულ განყოფილებაში მუშაობდა და 2012 წელს ლოპოტას ხეობაში ჩატარებულ სპეცოპერაციაში მონაწილეობდა.
„თავდასხმის მცდელობის შემდეგ ხანგოშვილი უკრაინაში გაემგზავრა, სადაც ადგილობრივ სპეცსამსახურებთან თანამშრომლობდა და მოსკოვის გავლენების წინააღმდეგ ბრძოლას აგრძელებდა. მეორე თავდასხმის მცდელობის შემდეგ ის საცხოვრებლად გერმანიაში გადავიდა. ხანგოშვილის მკვლელობაში ეჭვმიტანილი 49 წლის რუსეთის მოქალაქე გერმანიაში მკვლელობამდე ცოტა ხნით ადრე ჩავიდა“,-აღნიშნავს Der Spiegel.
DW-მ კი დაწერა, რომ ხანგოშვილის მკვლელობის გამოძიება, შესაძლოა, ქალაქ კარლსრუეს ფედერალურ პროკურატურას გადაეცეს, რომელიც უცხო ქვეყნის აგენტების საქმიანობას იძიებს.
ზელიმხან ხანგოშვილი 29 აგვისტოს პანკისში, სოფელ დუისში, საგვარეულო სასაფლაოზე დაკრძალეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები