გიორგი ცუცქირიძე: უახლოეს წლებში ჩვენ გვექნება რეგიონში ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა

საქსტატის მონაცემებით, მიმდინარე წლის ივლისში საქართველოს ეკონომიკა 6.1 %-ით გაიზარდა. იანვარ-ივლისის საშუალო ეკონომიკური ზრდა 5.1 პროცენტს გაუტოლდა. აღსანიშნავია, რომ ეკონომიკური ზრდის ივლისის მაჩვენებელი გაცილებით მაღალია პირველი ორი კვარტლის ზრდის მაჩვენებლებზეც. ეკონომისტ გოგიტ ცუცქირიძის შეფასებით, ივლისის თვეში მაღალი ეკონომიკური ზრდა ადასტურებს წლის დასაწყისიდან აკრეფილ პოზიტიურ ტრენდს და რომ არა 20-21 ივნისიდან განვითარებული რევოლუციური სცენარის პირდაპირი ზეგავლენა, რაც რუსეთის მხრიდან ავია ემბარგოში აისახა, ეკონომიკური ზრდა ივლისში სულ მცირე 6.5 % იქნებოდა.
როგორც ცუცქირიძე აღნიშნავს განსაკუთრებით ნიშანდობლივია ის ფაქტი, რომ 2019 წლის იანვარ-ივლისში წმინდა ექსპორტის ზრდის, ანუ იმპორტის ექსპორტით გადაფარვის შედეგად, სავაჭრო დეფიციტი შემცირდა 473.9 მლნ. აშშ. დოლარით, ხოლო დეფიციტის შემცირება მხოლოდ დადებითად აისახა ეკონომიკის ზრდაზე, რადგან უფრო მეტი ფული დარჩა ეკონომიკაში.
ცუცქირიძის თქმით, ამას ადასტურებს ოფიციალური სტატისტიკაც. საქსტატის მონაცემების თანახმად,2019 წლის ივლისში, წინა წელთან შედარებით, ექსპორტი მნიშვნელოვნად 17.5 პროცენტით გაიზარდა და მისმა მოცულობამ 326.8 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა, ხოლო 2019 წლის იანვარ-ივლისში ექსპორტი გაიზარდა 12.4 პროცენტით. იმპორტი კი 4.7 პროცენტით ნაკლებია წინა წლის იანვარ-ივლისის მაჩვენებელზე.
ცუცქირიძის განმარტებით, ნიშანდობლივია, რომ 2019 წლის იანვარ-ივლისში, საქონლის ექსპორტი საქართველოდან გაზრდილია, როგორც ტრადიციულ დსთ-ის ქვეყნებში 26.6 პროცენტით, ასევე ევროკავშირის ქვეყნებში- 20.6 პროცენტით. ევროკავშირის ქვეყნებში ექსპორტმა 503.5 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა და ქვეყნის მთლიანი ექსპორტის 24.0 პროცენტს შეადგენს.
ცუცქირიძის შეფასებით, დღეს ქვეყანას სჭირდება მეტი პოლიტიკური სტაბილურობა და ნაკლები რყევები.
„ექსტრალეგალური შოკების ზეგავლენა ყოველთვის ნეგატიურ კვალს ტოვებს, რაც გასაგები მიზეზების გამო ნაციონალური მოძრაობის და მასთან აფილირებული საექსპერტო ჯგუფებისათვის იყო რატომღაც გაუგებარი. ამიტომ, დღეს ჩვენ გვჭირდება მეტი პოლიტიკური სტაბილურობა და ნაკლები რყევები, ყველა პროგნოზით, უახლოეს წლებში ჩვენ გვექნება რეგიონში ყველაზე მაღალი ზრდა, რაც არის დასაქმების და სიღარიბის დაძლევის უტყუარი წინაპირობა“,- აცხადებს ცუცქირიძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები