ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია განცხადებას ავრცელებს
საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია სოფელ წნელისთან და ჩორჩანასთან განვითარებულ მოვლენებზე განცხადებას ავრცელებს.
როგორც მისიის Facebook გვერდზეა ნათქვამი, დამკვირვებლები სოფელ წნელისთან და ჩორჩანასთან 24- საათიან მონიტორინგს ახორციელებენ.
„ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები დაძაბულობის განმუხტვის მიზნით სოფელ წნელისთან და ჩორჩანასთან 24-საათიან მონიტორინგს ახორციელებენ. დღეს მისიის ხელმძღვანელი ადგილზე ვითარების გასაცნობად იმყოფებოდა. მისიის ცხელი ხაზი ინფორმაციის გასაცვლელად აქტიურად მუშაობს, რომ ვითარების ესკალაცია ავირიდოთ “,-ნათქვამია განცხადებაში.
საოკუპაციო ძალების და ცხინვალის წარმომადგენლების მიერ ქართული მხარისთვის 29 აგვისტოს წაყენებული ულტიმატუმის ვადა დილის 06:00 საათზე ამოიწურა, თუმცა სოფელ ჩორჩანასთან ვითარება სტაბილურია.
ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი, რომ სოფელ ჩორჩანასთან ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრა დღეს გაიმართება. გუშინდელი შეხვედრა საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა პროტესტის ნიშნად დატოვეს.