“არ დავუთმობ რუსებს ჩემს სახლს” – დათა პაპას ცხოვრება მავთულხლართებს მიღმა
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურვალეთში მცხოვრებ 84 წლის დათა ვანიშვილს უკვე მერვე წელია საკუთარი ოჯახის წევრებისგან, ნათესავებისა და მეგობრებისგან რუსული ოკუპაციის სიმბოლო – მავთულხლართები ჰყოფს.
2011 წელს საოკუპაციო ძალების მიერ ე. წ სასაზღვრო ზოლის მონიშვნის შედეგად დათა პაპას საცხოვრებელი სახლი თვითაღიარებული რესპუბლიკის ტერიტორიაზე მოექცა, ოკუპანტების მიერ არაერთი დაშინებისა და მუქარის მიუხედავად, მას სახლის დატოვება არც უფიქრია. დღეს კი თავის თავს საკუთარ მიწაზევე უდანაშაულო პატიმარს უწოდებს.
„რა დავაშავე, ამაზე დიდი სასჯელი არ არსებობს – ჩემივე სახლში პატიმრად ვარ ქცეული. ყოველ დილით ამ მავთულებს ვუყურებ და გული მტკივა. მენატრებიან ჩემი ოჯახის წევრები, ცხვირწინ მაქვს ჩემი მამაპაპისეული 1 ჰექტარზე მეტი ნაკვეთი, მაგრამ მიახლოებასაც ვერ ვბედავ. მთელი ჩემი ცხოვრება შრომაში გავატარე, ახლა კი ერთი ძროხის ამარა დარჩენილს მიწის ნაკვეთი ოცნებად მაქვს ქცეული, მოვიყვანდი მოსავალს და ასეთ გაჭირვებაშიც აღარ ვიქნებოდი”, – გვეუბნება დათა პაპა და თვალზე მომდგარ ცრემლს იშორებს.
დათა პაპა არც რუსული პასპორტის აღებას დათანხმდა, რის გამოც თავისუფლად გადაადგილების უფლება შეზღუდული აქვს. მუქარისა და ზეწოლის მიუხედავად, ამბობს, რომ ქართულ პასპორტს არ გაცვლის, რადგან მისი სამშობლო საქართველოა. ოკუპანტების მტკიცებასაც, რომ ხურვალეთში გადის რუსეთის საზღვარი, სიცრუეს უწოდებს და გულმოსული ამბობს, მოძალადეების არაფერი დაიჯერებაო.
“ამ სამარის კარს მიღწეულმა კაცმა ვიღაც მოძალადეს დავუჯერო თუ ამ მიწაში ჩაფლული ჩემი წინაპრების საძვალე ვიწამო? აქ არის დედ-მამისა და ძმების საფლავები და სხვაგან სად დამედგომება? კაცი ვარ, ქვისგან გამოთლილი კი არა… რომ წავიდე, ერთ დღეში გადაუვლიან აქაურობას და ნასახლარს დაამსგავსებენ. ვერსად წავალ. აქაურობის დარდი გადამიყოლებს, შვილო…”
დათა პაპა თვეში ერთხელ ჩუმად, მავთულხლართების ქვეშ ძვრება და ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე პენსიის ასაღებად გადმოდის. არჩევნებშიც იღებს მონაწილეობას და როგორც თავად ამბობს, საკუთარ მოქალაქეობრივ ვალს ასე იხდის ქვეყნის წინაშე.
“როგორც საქართველოს შვილი, ყოველ არჩევნებზე ჩუმად გადმოვდივარ ხოლმე. ერთხელ გადმოპარვისას მავთულზე ხელი ვიტკინე კიდეც, გადასულს პასპორტი დამრჩენია და უკან მოვბრუნდი, ავიღე და მაინც მივეცი ხმა. 2014 წელს როცა აქეთ გადმოვდიოდი რუსებმა დამაკავეს, ჯარიმა გადამახდევინეს თან დამემუქრნენ, რომ აღარ გადავპარულიყავი “საზღვარზე”, მაგრამ მე მაინც ვახერხებ გადმოსვლას ხოლმე”, – სიამაყე ეპარება გაბზარულ ხმაში დათა პაპას.
“არ დავუთმობ რუსებს ჩემს სახლს! მოვა დრო, რომ ეს ეკლიანი ღობე აღარ იქნება!” – ამ იმედისმომცემი სიტყვებით დაგვემშვიდობა რუსული ოკუპაციის ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო მსხვერპლი, 84 წლის დათა პაპა, რომელმაც, ალბათ, არც კი იცის, რომ ამ თავისი გმირობით, თითოეულ ჩვენგანს ქართველობას გვასწავლის.
ნინო ბერძენიშვილი