რუსეთის ფედერაციის საბჭოს წევრის სერგეი ცეკოვის განცხადებით, რუსეთთან ურთიერთობა საქართველომ გააფუჭა, შესაბამისად, დიალოგი ყოველგვარი წინაპირობის გარეშე უნდა დაიწყოს.
ამის შესახებ სენატორმა საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის მიერ გაკეთებული განცხადების საპასუხოდ აღნიშნა.
ზურაბიშვილმა Euronews-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ რუსეთის პოზიციის ცვლილება, შესაძლოა, თბილისსა და მოსკოვს შორის დიალოგის განახლების საფუძველი გახდეს, მხოლოდ ამ შემთხვევაში იქნება მზად საქართველო რუსეთთან კონტაქტის დასამყარებლად.
სერგეო ცეკოვის თქმით, ურთიერთობის გამწვავებაზე საქართველო წავიდა, ამიტომ სწორედ მან უნდა დააკორექტიროს პოზიცია.
,, საქართველოს მთავრობამ რუსეთთან ურთიერთობა გააფუჭა. ამიტომ, პირველ რიგში, მათი მხრიდან უნდა გადაიდგას რეალური ნაბიჯი, რომელიც ამ ურთიერთობის გაუმჯობისკენ იქნება მიმართული. საქართველოს პრეზიდენტი გარკვეულ პირობებს აყენებს. ვფიქრობ, საქართველომ რუსეთთან დიალოგი ყოველგვარი წინაპირობის გარეშე უნდა დაიწყოს და მაქსიმალური ტაქტი და პატივისცემა გამოიჩინოს. სამწუხაროდ, ცალკეული მოქალაქეების მსგავსად, საქართველოს მთავრობაც აკეთებდა შეურაცმხყოფელ განცხადებებს რუსეთის მისამართით – ეს არ უნდა მოხდეს. არა მხოლოდ საქართველოში, ბევრ სახელმწიფოში ესმით, რომ ქვეყნის მომავალი რუსეთთან კარგი ურთიერთობის გარეშე შეუძლებელია. მათ ეს ესმით, მაგრამ ურთიერთობის გაუმჯობესებისთვის რაღაც პირობებს აყენებენ და ამით წინსვლას აფერხებენ“,-განაცხადა სერგეი ცეკოვმა.