ქვეშეთი-კობის შემოვლითი საავტომობილო გზის მონაკვეთის მშენებლობას აზიის განვითარების ბანკი 370 მლნ ევროთი დააფინანსებს

აზიის განვითარების ბანკთან (ADB) წარმატებით დასრულებული მოლაპარაკებების შედეგად, 27 აგვისტოს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა და აზიის განვითარების ბანკის მუდმივმა წარმომადგენელმა საქართველოში, იეშიმ ელჰან კაიალარიმ, ჩრდილოეთ-სამხრეთის დერეფნის ქვეშეთი-კობის შემოვლითი საავტომობილო გზის მონაკვეთის მშენებლობის დაფინანსების თაობაზე სასესხო შეთანხმებას ხელი მოაწერეს.
როგორც “კვირას” ფინანსთა სამინისტროდან აცნობეს, სასესხო შეთანხმების საფუძველზე, აზიის განვითარების ბანკი საქართველოსთვის, დაახლოებით, 370 მლნ ევროს ოდენობის გრძელვადიან ფინანსურ რესურსს გამოყოფს, რომელიც ქვეშეთსა და კობს შორის 23-კილომეტრიანი ორზოლიანი შემოვლითი გზის, 6 ხიდისა და, ჯამში, დაახლოებით, 10.5 კილომეტრი სიგრძის 5 გვირაბის მშენებლობას მოხმარდება. შეგახსენებთ, რომ, პროექტის მიხედვით, ყველაზე გრძელი გვირაბი 9 კმ-ის სიგრძისაა და ამიერკავკასიაში არსებულ გვირაბებს შორის ყველაზე მასშტაბური იქნება.
“ქვეყნის დამოუკიდებლობის ისტორიაში ეს გახლავთ ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური პროექტი და საქართველოს სატრანზიტო ფუნქციის განმტკიცებისათვის უმნიშვნელოვანესი ფუნქცია აქვს. პროექტი მნიშვნელოვანი წინაპირობა იქნება რეგიონის სოციალურ-ეკონომიკური განვითარებისთვის. იგი გააჩენს ახალ პერსპექტივებს ადგილობრივი მოსახლეობისთვის რეგიონში ახალი ეკონომიკური საქმიანობის წამოსაწყებად.
მადლობას ვუხდი აზიის განვითარების ბანკს აღნიშნული პროექტის მხარდაჭერისათვის”, – განაცხადა საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა ხელმოწერის ცერემონიის დასრულების შემდეგ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები