ბადრი ჯაფარიძე: დიდი სიამოვნებით ვითანამშრომლებთ ბრიტანულ სამსახურებთან, მზად ვართ, თითოეული ჩვენი ფუნტის კანონიერება დავადასტუროთ

საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა ბრიტანეთის შესაბამის სამსახურს ანტიტერორისტული თანამშრომლობის ფარგლებში მიმართა, რომ თურმე მე და მამუკა ხაზარაძე ვართ ეჭვმიტანილი ფულის გათეთრებაში და ჩვენი ფულადი სახსრები, რომლებიც შეიძლება იყოს ბრიტანეთში, ეჭვი აქვთ, რომ არის კრიმინალური წარმოშობის – ამის შესახებ „თიბისი ბანკის“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, ბადრი ჯაფარიძემ მამუკა ხაზარაძესთან ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.
ჯაფარიძის შეფასებით, ეს არის მათ წინააღმდეგ მიმართული ახალი რეპრესიული ღონისძიება.
„ყოველდღიურად ახალი რეპრესიული ღონისძიებები ტარდება ჩვენ წინააღმდეგ. ამჯერად ამ მიმართულებით ახალი სიტყვაა ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიერ, რომელმაც მიმართა წერილით ბრიტანეთის შესაბამის სამსახურს, ანტიტერორისტული თანამშრომლობის ფარგლებში, რომ თურმე მე და მამუკა ხაზარაძე ვართ ეჭვმიტანილი ფულის გათეთრებაში და ჩვენი ფულადი სახსრები, რომლებიც შეიძლება იყოს ბრიტანეთში, ეჭვი აქვთ, რომ არის კრიმინალური წარმოშობის. რა თქმა უნდა, ანტიტერორისტული თანამშრომლობის ფარგლებში როდესაც მიმართავს სახელმწიფო უწყება, ბრიტანელი კოლეგები ცხადია, ამას იღებენ სერიოზულად და ვერც წარმოიდგენენ, რომ ეს უწყება არის პოლიტიკური დევნის ინსტრუმენტი. ეს მცდელობა, რომელიც განსაზღვრულია სახელმწიფო სტრუქტურების მიერ, რომლებიც სამწუხაროდ აგრძელებენ პოლიტიკური დაკვეთის შესრულებას, ემსახურება ერთ მიზანს, რომ ჩვენი კანონიერი სახსრების ბლოკირება მოხდეს ბრიტანეთში. ამისთვის გამზადებული იქნა უკვე სასამართლოების მიერ დამტკიცებული ყადაღის გადაწყვეტილება, რადგან სასამართლოს, იმის ნაცვლად, რომ გადაემოწმებინა პროკურატურის მოთხოვნა, არის თუ არა რამე საფუძველი ვივარაუდოთ, რომ ჩვენი ფინანსური სახსრები უკანონოა, პირდაპირ ავტომატურად დაადასტურა ყადაღის მოთხოვნა და ეს იქნება გადაგზავნილი ბრიტანეთში“, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.
ჯაფარიძის თქმით, ისინი მზად არიან, ითანამშრომლონ ბრიტანეთის შესაბამის სამსახურებთან.
„აქვე მინდა, ვთქვა, რომ ჩვენ დიდი სიამოვნებით ვითანამშრომლებთ ბრიტანულ სამსახურებთან. მზად ვართ, რომ თითოეული ჩვენი ფუნტის კანონიერება დავადასტუროთ. რახან ასეთი ნაბიჯი იქნა გადადგმული, ჩვენ ვიღებთ ამ გამოწვევას და გვინდა, ჩვენი მეგობარი ქვეყნების სამსახურებს ვაცნობოთ, რომ დღეს ჩვენს ქვეყანაში, სახელმწიფო სამსახურები გამოიყენება პოლიტიკური დევნის ინსტრუმენტად. ამიტომ მათ მიერ გადაგზავნილი მოთხოვნები ყოველთვის უნდა გადამოწმდეს მათი საფუძვლიანობის და მათი მიზნების მიმართებაში. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ დღეიდან ჩვენ ვიწყებთ ვამხილოთ ყველა ის სამსახური, ვამხილოთ ყველა ჩვენი მეგობარი საელჩოს დახმარებით, რომლებიც გამოიყენება, ჩვენი აზრით, სრულიად კრიმინალური ხასიათის ქმედებების განხორციელებაში, – განაცხადა ჯაფარიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები