გერმანიის საგარეო უწყება: არ ვაღიარებთ ე.წ. არჩევნებს, რომელიც საქართველოს სეპარატისტულ რეგიონში, აფხაზეთში გაიმართა

გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს ოკუპირებულ რეგიონში – აფხაზეთში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს ეხმაურება.

როგორც გერმანიის საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, ე.წ. არჩევნებს და მის შედეგებს უკანონოდ მიიჩნევენ.

„ისევე როგორც ჩვენი პარტნიორები ევროკავშირში, ჩვენ არ ვაღიარებთ ე.წ. არჩევნების არც კონსტიტუციურ და არც სამართლებრივ ჩარჩოს, რომელიც 25 აგვისტოს საქართველოს სეპარატისტულ რეგიონში აფხაზეთში გაიმართა. ჩვენ ამ „არჩევნებს“ და მის შედეგებს უკანონოდ მივიჩნევთ“,- აღნიშნულია გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები გუშინ გაიმართა. პრეზიდენტობისთვის ცხრა კანდიდატი იბრძოდა და მათ შორის მოქმედი პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა. ე.წ საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების მიხედვით, ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ მოიპოვა ხმათა 50 პროცენტი. რეგიონში მეორე ტური გაიმართება, სადაც ერთმანეთს ამჟამინდელი ე.წ. ლიდერი რაულ ხაჯიმბა და ოპოზიციონერი ალხას კვიცინია დაუპირისპირდებიან.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები