სახელმწიფო ინსპექტორი ლონდა თოლორაია ევროკავშირის ელჩს შეხვდა

0

სახელმწიფო ინსპექტორი ლონდა თოლორაია ევროკავშირის ელჩს კარლ ჰარცელს და ევროკავშირის წარმომადგენელს ივონ გოგოლს შეხვდა. შეხვედრას, ასევე, ესწრებოდნენ სახელმწიფო ინსპექტორის მოადგილე გიორგი გამეზარდაშვილი და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი ნოკო თათულაშვილი.
როგორც “კვირას” სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურიდან აცნობეს, სახელმწიფო ინსპექტორმა ევროკავშირის ელჩს პერსონალურ მონაცემთა დაცვის კუთხით, ასევე, საგამოძიებო მიმართულებით არსებული გამოწვევებისა და სამომავლო გეგმების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.
სახელმწიფო ინსპექტორმა შეხვედრაზე ისაუბრა პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონზე, რომელიც პარლამენტშია წარდგენილი. ინსპექტორმა იმედი გამოთქვა, რომ აღნიშნული კანონის მიღება შემოდგომაზე მოხდება, რის შემდეგაც საჭირო იქნება კანონის იმპლემენტაციის მიზნით საინფორმაციო კამპანიისა და სხვადასხვა ღონისძიებების დაგეგმვა.
შეხვედრაზე ლონდა თოლორაიამ ხაზი გაუსვა არასრულწლოვანთა მონაცემების დაცვის საკითხს და აღნიშნა, რომ პერსონალურ მონაცემთა დაცვის მიმართულებით, 2019 წელს, პრიორიტეტი არასრულწლოვანთა მონაცემების დაცვა იქნება.
ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა აღნიშნა, რომ საგამოძიებო მიმართულების ამოქმედების მიზნით სახელმწიფო ინსპექტორის მიერ სწორი ნაბიჯებია გადადგმული და ხაზი გაუსვა ამ დრომდე მიღწეულ პროგრესს.
ევროკავშირის ელჩმა სახელმწიფო ინსპექტორს სრული მხარდაჭერა გამოუცხადა და რეფორმირების პროცესში დახმარება აღუთქვა.

კომენტარები

კომენტარი